არასამთავრობო ორგანიზაია, „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ეხმიანება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ იმ რეგულაციებს, რომლებიც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
„როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171–ე მუხლის მიხედვით, სამართალდამრღვევს პირველ შემთხვევაში 50-დან 150 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური ფაქტის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება. ამავე ადგილებში ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა ჯარიმდება 300 ლარით.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებისთვის, რადგან იგი მოახდენს სასმელზე დამოკიდებულების ერთგვარ პრევენციას, ასევე შეამცირებს ხულიგნობისა და არაეთიკური ქცევის ფაქტებს. აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა ასევე შეფასდეს კრიმინალისკენ მიდრეკილების პრევენციადაც. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულთა უმეტესობა სითამამისგან გამოწვეულ გაუაზრებელ ქმედებებს წარმოადგენს და მათი ძირითადი მაპროვოცირებელი კომპონენტი ალკოჰოლური თრობაა, აკრძალვის ეს ფორმა საფუძველშივე მოახდენს დანაშაულებრივი ქმედებისაკენ მიდრეკილი მოქმედებების პრევენციას.“
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია სისტემატური კონტროლი სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, თუმცა ახალი რეგულაციები არ უნდა იქცეს ბიუჯეტის შევსების წყაროდ. „ვთვლით, რომ საზოგადოება მზად უნდა შეხვდეს ცვლილებებს, რომელიც მიმართულია დანაშაულის პრევენციის და ჯანმრთელი თაობის აღზრდის სტიმულირებისაკენ“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






