საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის. ფედერაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი პასუხს აგებს.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია, აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფა-დან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორკვირიანი ვადა ითხოვეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დღეს რვა მსაჯი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.
მასალის გამოყენების პირობები






