მთავრობის ინიციატივით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ცვილებები შედის და ბავშვთა შვილად აყვანა გართულდება,
გაზეთ „ალიას“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ესაუბრა:
რატომ გახდა საჭირო კანონში ცვილილებების შეტანა?
ამ მიმართულებით მუშაობა ერთი რამის გამო დავიწყეთ - ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. პრობლემა არის ძირითადად დისბალანსი, რომელიც მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვთა შორის არსებობს. ბოლო მონაცემებით, მშვილებლად რეგისტრირებულია დაახლოებით 2978 ადამიანი, ხოლო ამის პარალელურად ყოველწლიურად შვილდება დაახლოებით 200-250 ბავშვი. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დარეგისტრირებული ადამიანი ბავშვის აყვანას 8-13 წლის შემდეგ შეძლებს. იდეალურ სიტუაციაში გაშვილებული ბავშვების რაოდენობა, შვილად აყვანის მსურველთა რიცხვს უნდა შეესაბამებოდეს. დღეს საქართველში მშვილებლად დარეგისტრირება ძალიან ადვილია. ანუ მინიმალური მოთხოვნები არსებობს და ეს უნდა დაიხვეწოს.
სხვა რა შეიცვლება კანონში?
ასევე განსაზღვრული უნდა იყოს თავსებადობა მშვილებელ ოჯახსა და შვილად ასაყვან ბავშვს შორის. უნდა შეფასდეს ოჯახის ეკონომკიური მდგომარეობა, მისი ფსიქოლოგიური სტრუქტურა, ასევე ასაკი. მაგალითად, ხშირად ასაკოვანი მშვილებელი იყვანს მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ძალიან მალე, მცირეწლოვანი ასაკოვანი მშობლების მომვლელად იქცევა. ანუ დაწესდება ასაკობრივი ცენზი, რაც დაახლოებით 50 წელი იქნება. კანონი გამონაკლისს დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ ორიდან ერთ-ერთი მშობელი 50 წელს არ იქნება მიღწეული.
ეს ცვილილება, არ არის დისკრიმინაციული შვილად აყვანის ასაკოვანი მსურველების მიმართ?
რა თქმა უნდა, ყველას უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ კითხვითვე გიპასუხებთ - ის, რომ პირმა რეგისტრაციის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს და ბავშვის შვილად აყვანა ვერ მოახერხოს, ეს უფროა დისკრიმინაცია, თუ ის, რომ 5 წლის ასაკში, ბავშვი ასაკოვანი მშობლების მომვლელი გახდეს? რომელი უფრო დიდი დისკრიმინაციაა.
როდის დაიწყებთ კანონპროექტის განხილვას?
ოქტომბრის შუა რიცხვებში დავიწყებთ და რამდენ ხანს გაგრძელდება და როდის დასრულდება, ამას სამუშაო პროცესი გვაჩვენებს.
მასალის გამოყენების პირობები






