სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, 588,7 ათასი ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული, აქედან აქტიური მხოლოდ 113 ათასია. მთავრობას ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტის გასაკეთებლად, სწორედ ბიზნეს სუბიექტთა რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდის მაგალითი მოჰყავს, სინამდვილეში კი ფირმების უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე „საქმიანობს“.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე აქტიური ბიზნეს საქმიანობა ვაჭრობაა, ამ სექტორში დარეგისტრირებულია 124 ათასი ფირმა და აქტიურია 50 ათასი სუბიექტი.
ახალშექმნილ საწარმოთა უმრავლესობა საქმიანობას მალევე წყვეტს, რადგან ისინი ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ. რეესტრის მონაცემებით ქვეყანაში ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირდება, თუმცა ბოლო თვეების მონაცემებით ამ სტატისტიკაშიც კლება შეინიშნება. აგვისტოში 3082 პირმა მიიღო ბიზნეს სუბიექტის სტატუსი, ივლისში-3652-მა, ივნისში 3733, მაშინ როცა ამავე წლის თებერვალში 4 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა.
2013 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტებს შორის 96,4 % სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3,6 % არასამეწარმეო. აღსანიშნავია,რომ ბიზნეს სუბიექტთა უმრავლესობა დაახლოებით 75% თბილისშია რეგისტრირებული, ამ მონაცემების მიხედვით მეორე ადგილზე იმერეთია, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთი.
საქართველო მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საწარმოების რაოდენობით განვითარებულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება. მაგალითად საქართველოში 3000-ჯერ ნაკლებია მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საქწარმოთა რაოდენობა, ვიდრე ევროკავშირში. ბრუნვის მოცულობის მხრივ კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია.
ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია უნდა იყოს ბიზნესის სფეროში საქმიანობის დამწყებთა გარკვეული მომზადება, ცოდნის და ინფორმაციის გადაცემა. საჭიროა, მათ ადეკვატურად აღიქვან საქმე,ის რისკი და გამოწვევა რაც ელოდებათ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში.
წყარო „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






