ტელეკომპანია „დია“-ს ყოფილმა თანამშრომლებმა, დღეს, გორის თეატრის სკვერში მშვიდობიანი აქცია გამართეს. მათ რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ტელეკომპანია „დიას“ ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს და ტელეკომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც მათ ტრანსფარანტები მიიტანეს და ტელევიზიის შენობის კართან დატოვეს.
ამ დროს „დიას“ ოფისთან კომპანიის ხელმძღვანელის, მაია ტატულაშვილის დედამთილი გამოჩნდა, რომლმაც ჟურნალისტებს მაწანწალები უწოდა.
„დიას“ ყოფილი თანამშრომლები ჟურნალისტთა ეთიკის ქართიას სპეციალური განცხადების გავრცელებისაკენ მოუწოდებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი მხარდაჭერას სთხოვენ. ტელეკომპანია „დიას“ ხლმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს დღეს არ უპასუხა, გუშინ კი განაცხადა, რომ კომპანიიდან საკუთარი სურვილით წასული თანამშრომლები არაპროფესიონალები არიან და მათი წასვლა კომპანიას ზიანს არ მოუტანს.
შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია „დიას“ საინფორმაციო სამსახურის სრულმა შემადგენლობამ კომპანია უკვე დატოვა, მათ აღნიშნულის შესახებ ბრიფინგი გუშინ გამართეს სადაც განაცხადეს რომ კომპანია მათ კაბალურ კონტრაქტებზე ხელის მოწერას მოითხოვდა.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი
მასალის გამოყენების პირობები






