საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძესთან ერთად, ბათუმში გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩებზე წყალდიდობის შედეგებს გაეცნენ, ამოტუმბვის სამუშაოებს დაესწრნენ და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილის განცხადებით " პრემიერ მინისტრის დავალებით შექმნილი იყო ჯგუფი, რომელშიც რამდენიმე სამინსიტროა შესული - ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვა და შსს. ჩვენი ჯგუფები უკვე ადგილზე არიან რამდენიმე დღეა. ისინი ზარალის რაოდენობის შეფასებაში დაეხმარებიან ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩვენს სამინისტროში არსებული ტექნიკა უკვე მობილიზებულია აჭარაში. ხვალ ღამით ველოდებით უამინდობას, საკმაოდ დიდი ნალექია მოსალოდნელი და წინასწარ გაიმართება თათბირი, რათა დაიგეგმოს, თუ რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ მთავრობას, რათა სტიქია მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული".
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ზურაბ კოპაძეს თქმით, თბილისიდან ჩამოსულნი არიან მეტეოროლოგები და გეოლოგები, რათა დაეხმარონ ადგილობრივებს. იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნულ წერტილებში დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლა, 24-25 სექტემბერს მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ამ ეტაპზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რათა ზარალი იქნას თავიდან აცილებული.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის საგანგებო სხდომას გამართა. სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას განიხილავენ და სამოქმედო გეგმაზე იმუშავებენ.
მასალის გამოყენების პირობები






