პატრიარქმა მრევლს გუშინ მიმართა, რომ 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:
"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა.
"დღეს განსაკუთრებული დღეა, მთელი ქართველი ერი ერთითა გულითა და ერთითა სულითა აღავლენს ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ღვთისმშობლის წინაშე. დღეს არის შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ვიფიქროთ, ჩვენს სულზე და ჩვენს სამშობლოზე. ღვთისმშობელმა დედამ ისმინოს ლოცვა სრულიად საქართველოსი", - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






