20 სექტემბერს თბილისში დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება. „ექსპო-ჯორჯიას“ მე-4,5 6 პავილიონებში 10.00 -დან 19.00 საათამდე მსურველებს შეეძლებათ დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე (CV) მიაწოდონ და გაესაუბრონ.
იმისთვის რომ ფორუმზე მოხვდნენ, დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ მისამართზე WWW.SSA.GOV.GE და ამასთანავე აუცილებელია, პირი რეგისტრირებული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ანუ მისამართზე WWW.WORKNET.GOV.GE .
ასევე რეგისტრაციისთვის პირებს შეუძლიათ მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისს. რეგისტრაცია 25 ათას ადამიანს შეეძლება, დამსაქმებელი კომპანიების რიცხვი კი დაახლოებით 150-180 მდეა. რეგისტრაცია 19 სექტემბრის 24.00 საათზე სრულდება.
ჟურნალისტებს მომავალი ფორუმის შესახებ დღეს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა. დაგეგმილ ფორუმზე ასევე ისაუბრეს „სოკარ-პეტროლეუმ-ჯორჯიას“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა ნატალია მუხიგულაშვილმა და „სილქნეტის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა ნინო ნიაურმა .
მასალის გამოყენების პირობები






