თბილისში მდებარე "თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი"-ს აღსაზრდელები, რომლებიც შშმ ბავშვები არიან, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ.
მოსახლეობამ სკოლის სათადარიგო შესასვლელი რკინის კარი, რომლითაც მშობლებს ბავშვევის დაწესებულებაში შეყვანა უადვილდებოდათ, დაუდუღა. მიზეზი ასეთი იყო - „ამ ბავშვების ყურება არ შეგვიძლიაო“. სკანდალური ფაქტის შესახებ ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელი სოციალურ ქსელში წერს.
„ბავშვებო,მინდა მოგიყვეთ რა ხდება ამ ფოტოზე .ეს არის უნარშეზღუდული ბავშვების სკოლა,სადაც დამყავს ჩემი ანასტასია. ბორჯომის 10 ნომერში. სკოლას ერთი მხრიდან ესაზღვრება ტუბდისპანსერი,რომლის ეზოში მანქანით შესვლის უფლებას არ გვაძლევენ,არც პარკინგი გვაქვს გამოყოფილი და ამხელა ბავშვების ხელით ტარება გვიწევს.ეს კიდევ არაფერი, მე შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მეორე შემოსასვლელი(რომელიც კორპუსების მხრიდან არის) მოსახლეობამ დაადუღა,იმ მიზეზით რომ "არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება" ჩვენ ვაპირებთ ჩვენი უფლებების მოთხოვნას და დაცვას.ყველას გთხოვთ შემოგვიერთდეთ“, - წერს მშობელი.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს.
„ეს არის დამატებითი შესასვლელი. ეს უნდა იყოს ღია. ღმერთმა დაგვიფაროს თუ ხანძარი ან რაიმე მსგავსი ფაქტი მოხდა დამატებითი გასასვლელი აუცილებელია. აქ არის ქალბატონი, რომელმაც ასეთი პრეტენზია გამოთქვა. არ უნდათ, რომ ამ ბავშვებმა იქიდან იარონ, არ ვიცი ჰგონიათ, რომ რამეს დაუშავებენ თუ რა ჰგონიათ არ ვიცი. ამ თემაზე რამდენჯერმე იყო ჩხუბი, პოლიციაც ჩაერია. რაც შეეხება ავტოსადგომებს, ველოდებით მერიისგან პასუხოს, რომ მერიამ მოგვცეს 4 ადგილი ავტოსადგომებისთვის“, - განუცხადეს „ნიუპოსტს“ სკოლაში.
"ნიუპოსტი" აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდება სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის უწყებებს, რათა დაყოვნებლივ მოხდეს სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






