ბევრი პოლიტიკური ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, რომ რესპუბლიკურ პარტიას დასჭირდებოდა მინიმუმ 4 წელი, რომ დაეწყო კრიზისიდან გამოსვლა. მაგრამ უკვე 1994 წელს რესპუბლიკელებმა დაიბრუნეს კონტროლი კონგრესსა და სენატზე. როგორც მოგვიანებით რესპუბლიკელმა ლიდერებმა აღიარეს, ამაში მათ სერიოზულად დაეხმარათ მათი კონკურენტის, ბილ კლინტონის, ჯანდაცვის რეფორმის პროექტი, კერძოდ, სადაზღვევო სისტემის სოციალიზაცია და სახელმწიფოს მიერ ყველა მოქალაქის დაზღვევა. კლინტონი სთავაზობდა ამერიკელებს დაახლოებით იგივეს, რაზეც დღეს საუბრობს და მომავალი წლიდან გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა. ამერიკელებმა არა მარტო მხარი არ დაუჭირეს ამ რეფორმას, არამედ კონგრესში და სენატში აირჩიეს რესპუბლიკელები, რომ ეს რეფორმა დაებლოკათ.
როდესაც ამ ისტორიულ ფაქტზე იღებ ინფორმაციას, პირველი, რაც თავში მოგდის, ის არის, თუ როგორ შეიძლება, რომ უფასო ჯანდაცვაზე უარი თქვა, თუმცა, საარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელებმა დეტალურად აუხსნეს და დაუმტკიცეს მოსახლეობას, რომ უფასო ჯანდაცვის პროგრამა, სახელმწიფოს მიერ ყველა მოქალაქის დაზღვევა, კერძო კომპანიების განადგურება გამოიწვევს ხალხისთვის დიდ პრობლემებს და ისინი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდებიან წამგებიან მდგომარეობაში. ხოლო როდესაც ეს ჯანმრთელობას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ასეთი ექსპერიმენტები დაუშვებელია.
საინტერესოა, რომ რესპუბლიკელების არგუმენტები ძალიან ახლოს იყო იმ პოზიციასთან, რომელიც საქართველოში ადეკვატურად მოაზროვნე ჯანდაცვის სპეციალისტებს აქვთ, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობის სახელმწიფო დაზღვევის რეფორმას.
რესპუბლიკელებმა გამოიყენეს შემდეგი არგუმენტები, რათა დაერწმუნებინათ მოსახლეობა, რამდენად საშიში იყო კლინტონის და დემოკრატების გეგმა:
1.სახელმწიფოს მიერ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა გამოიწვევს ბიზნესის განადგურებას, ათასობით ადამიანი, რომელიც დასაქმებულია კერძო სადაზღვევო ბიზნესში, დარჩება უმუშევარი.
2.სახელმწიფოს მიერ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა გამოიწვევს გადასახადების გაზრდას რათგან უფასო არაფერი არ არის ამ სამყაროში.
3.ასევე გაიზრდება ჩინოვნიკების რაოდენობა რომლების ხელფასს ასევე გადაიხდიან მოქალაკეები კიდევ უფრო გაზრდილი გადასახადებით.
4.პაციენტს დაეკარგება ექიმის არჩევის უფლება. ანუ, სახელმწიფო ჩინოვნიკი გადაწყვეტს, რომელ ექიმთან უნდა მივიდეს პაციენტი.
5.არჩევნის დაკარგვა ავტომატურად გამოიწვევს კორუფციას. ანუ, პაციენტი, ქრთამის სახით, გადიხდის ფულს სასურველ ექიმთან მოსახვედრად.
6.ე.წ. უფასო ჯანდაცვა გამოიწვევს რიგებს, რაც თავისთავად გამოიწვევს კორუფციას, რადგან პაციენტს მოუწევს ქრთამის სახით ფულის გადახდა, რომ წინ წაიწიოს რიგში.რიგების არსებობა განსაკუთრებით საშიშია ასაკოვანი ხალხისთვის, რადგან მათთვის ნებისმიერი ლოდინი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.
7.სახელმწიფო დაზღვევის სისტემა ასევე გულისხმობს ე.წ. „ჯენერეტიკების“ წახალისებას. ჯენერეტიკის ფასი, ფარმაცევტულ ბაზარზე, ბრენდირებულ წამლებთან შედარებით, არის ათჯერ ნაკლები. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო უპირატესობას მიანიჭებს ჯენერეტიკებს, რომ დაზოგოს თანხები. ხშირ შემთხვევაში კი, ჯენერეტიკის ხარისხი ბევრად ჩამოუვარდება ბრენდირებულ მედიკამენტებს.
8.უფასო ჯანდაცვა სერიოზულად დააზარალებს კერძო კლინიკების განვითარებას და შედეგად, ჯანდაცვის საერთო სტანდარტი დაეცემა.
დაიკარგება ინვესტორების ინტერესი, დააბანდონ ფული ჯანდაცვის სფეროში, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას და სექტორის განუვითარებლობას გამოიწვევს.
9.კონკურენციის მოსპობა გამოიწვევს ექიმების პროფესიონალიზმის დონის დაწევას და კვალიფიკაციის დეგრადაციას.
10.კორუფციის რისკები სახელმწიფოს და კლინიკების ურთიერთობაში გახდება იმდენად მაღალი, რომ ეს მთლიანად ეჭვის ქვეშ დააყენებს სექტორის განვითარებას.
როგორც ხედავთ, საზოგადოებას აუხსნეს, რომ ე.წ. უფასო ჯანდაცვა უტოპიაა. ამ პროგრამით მოქალაქეებს მოუწევთ უფრო მეტის გადახდა გადასახადების და ქრთამის სახით, სექტორის განვითარება შეწყდება, ასაკოვან ხალხს შეექმნება სერიოზული პრობლემები და სერვისის ხარისხი კლინიკებში სერიოზულად დაიწევს.
ამ ათმა არგუმენტმა დაარწმუნა მოსახლეობის უმრავლესობა, რომ სოციალისტური პროგრამები არც თუ ისე სახარბიელოა მათთვის და ქვეყნისთვის.
დიმიტრი შაშკინი
,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი
მასალის გამოყენების პირობები






