თბილისის მთავრობამ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების თანხის ოდენობა გაზარდა. კერძოდ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, მესამე შვილის ყოლის შემთხვევაში, ნაცვლად 400 ლარისა, 800 ლარს, მეოთხე შვილის შემთხვევაში, 800 ლარის ნაცვლად 1000 ლარს, მეხუთე და შემდგომი შვილის შემთხვევაში 1000-ის ნაცვლად 1500 ლარს მიიღებენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, საბიუჯეტო ცვლილებებით მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულების დაწყება შესაძლებელი გახდა.
მისივე თქმით, ბიუჯეტში დამატებით 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული იმისთვის, რომ რაიონულმა გამგეობებმა შეძლონ წლის ბოლომდე აუცილებელი სოციალური მომსახურეობის გაწევა. 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის დაფინანსება, რათა მან შეძლოს სხვა სახის სოციალური დახმარებების გაცემა. გარდა ამისა, უკვე გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის შრომის ანაზღაურება.
„ჩვენ დღეიდან უკვე შეგვიძლია ახალი ბიუჯეტით ვიმუშაოთ“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა. დავით ნარმანია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გუშინ გაკეთდა განცხადება, თითქოს ქამრების შემოჭერით სოციალური ან საინვესტიციო პროექტები შემცირდება. ქამრების მოჭერა არ ნიშნავს პროექტების და პროგრამების დაფინანსების შემცირებას, ეს ნიშნავს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ სესხის აღება და ეკონომიის ხარჯზე გავზარდეთ ბიუჯეტის ჯანდაცვის და და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი, რომ ხალხს არაფერი დააკლდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი სოციალური მხარდაჭერა, ჯანდაცვითი კუთხით არცერთი დაფინანსება არ შემცირდება და შეფერხდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






