ამის შესახებ მოვაჭრეებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
დავით ნარმანია პირადად ესაუბრა ბაზრის მფლობელი კომპანია „შოდა“-ს საზღვარგარეთ მყოფ თანადამფუძნებელს, რომლისგანაც პირობა მიიღო, რომ დღესვე ჩატარდება დამფუძნებელთა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციის საკითხს გადაწყვეტს.
„ ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. მიღებული თანხით, დაზარალებულებს შეუძლიათ დაფარონ ბანკის კრედიტი, ან იყიდონ საქონელი, რომლითაც ახალ ტერიტორიაზე განაგრძობენ საქმიანობას. ამის გარანტი კომპანიის ხელმძღვანელობაა მთელი მათი ქონებით. დაზარალებულებსა და კომპანიას შორის შუამავალი დიდუბის რაიონის გამგეობა იქნება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, კომპანიამ უკვე მიმართა ბანკს სესხისთვის, რომლის ნაწილი ფულად დახმარებაზე დაიხარჯება, ნაწილით კი მოეწყობა ახალი სავაჭრო ადგილები. თავის მხრივ, თბილისის მერია დაჩქარებული წესით გასცემს ნებართვას ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შესულ პროექტზე.
რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას, ამაზე დიდუბის რაიონის გამგეობა და დასუფთავების სამსახური იზრუნებს.
მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ, დავით ნარმანია მიმდებარე ეზოში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა. მისი თქმით, სახლის სახურავების გადახურვა უახლოეს ხანებში დაიწყება. გარდა ამისა, თბილისის მერია და დიდუბის რაიონის გამგეობა სხვა სახის ზარალის ანაზღაურებაზეც იზრუნებს.
მასალის გამოყენების პირობები






