თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილოს 18 სექტემბერს, მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი, პეტერ კერტესი ოპერაციას გაუკეთებს.
როგორც თბილისის ზოოოპარკში აცხადებენ, სპილო გრანდმა ეშვი მოიტეხა, შესაბამისად მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
„18 სექტემბერს გრანდს უსერიოზულესი ოპერაციის გადატანა მოუწევს. დღეს ღამით, სპეციალურად ამ ოპერაციისთვის, თბილისში მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი, პეტერ კერტესი ჩამოდის.
როგორც ბუნებაში, ისე ტყვეობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სპილოები ეშვებს იმტვრევენ. სწორედ ასეთი პრობლემა აქვს გრანდს. ზოგადად, აზიურ სპილოებში მამრებს ეშვები ხანდახან საერთოდ არ ეზრდებათ, ამდენად მათი არქონა ცხოველს არსებობაში ხელს არ უშლის, თუმცა გრანდს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს აქვს მოტეხილი, რომ ანთებითი პროცესის თავიდან ასაცილებლად ეშვებში არსებული ღრუს ყოველდღიური გამორეცხვებია საჭირო. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია, ვინაიდან ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ დროთა განმავლობაში შესაძლოა მისი დაღუპვა გამოიწვიოს. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა“,- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ„ფეისბუქ“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






