ჟინვალის წყალსაცავთან სატვირთო მანქანების რამოდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთისკენ მიმავალ კოლონას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას საპატრულო პოლიცია არ აძლევს. მძღოლების თქმით, რამდენიმე დღეა შეფერხების მიზეზის დადგენას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
მათი ინფორმაციით, თუ რამდენიმე დღე კიდევ მოუწევთ დაცდა, ტვირთი, რომელიც გადააქვთ გაფუჭდება და მათ ბიზნესს ზიანი მიადგება.
„რუსეთში მიმაქვს, სოკო. ტვირთი მალფუჭებადია. თუ მომიწევს აქ ლოდინი და პროდუქტი გამიფუჭდა, ვინ აგებს პასუხს ამაზე? აი დოკუმენტაცია, რომ ტვირთი მალფუჭებადია. ამას პატრულს რომ ვაჩვენებ მეუბნევა, ეს ჩემი პრობლემა არ არისო“, - ამბობს ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ავტომობილების შეფერხების მიზეზი რამდენიმე კვირის წინ დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიაა.
„ამ ეტაპისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობს დილის 6:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე მხოლოდ იმის გამო, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ ასეთი განკაგულება გამოსცა, რადგან იქ არის არამდგრადი სეისმური ზონა“, - შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






