,,სამწუხროდ ჩვენ ვიხილეთ დანაშაულებრივი იძულებით სამსახურიდან გაყრილი თანამშრომლები, მხოლოდ პარტიულ-ნათესაური ნიშნით შერჩეული ახალი თანამშრომლები, მშენებლობების შეჩერების მცდელობა, უსაფუძვლო შეტევა ინვესტორებზე, კომერციული ბანკიდან აღებული 30 მილიონი ძვირი სესხი და საკუთარი უნიათობის ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალების უაზრო, უშედეგო მცდელობა", - აცხადებენ პარტიაში. მათი განმარტებით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტია ყველაფერ ამის ნათელი დადასტურებაა.
ნაცმოძრაობაში აცხადებენ, რომ თბილისის ბიუჯეტის გადასახდელები მცირდება 12 575 400 ლარით. ,,სწორედ ეს თანხა (და არა მარტო) უნდა გამხდარიყო იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყარო, რაზედაც ,,ქართული ოცნება" თბილისელებს წელს უარს ეუბნება", - განაცხადეს პარტიაში და შეჩერებული პროექტების ნუსხა წარმოადგინეს:
1. 2 079 000 ლარით მცირდება ახალი საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა. ჩვენი ინიციატივის (საბავშვო ბაღების ვაუჩერული დაფინანსება, რაც მშობელს მისცემდა საშუალებას ბიუჯეტიდან მიღებული ვაუჩერით ბავშვი მიეყვანა მუნიციპალურ ან კერძო ბაღში. ეს განავითარებდა კერძო საბავშო ბაღების ბიზნესს, შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს და უფრო ეფექტურად აღმოფხვრიდა საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს) უარყოფის ფონზე, გაუგებარია რატომ ამცირებს დაფინანსებას და ამბობს უარს თბილისის მერია საბავშვო ბაღების მშენებლობის წელს დაწყებაზე;
2. ქალაქში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ავტოპარკინგები, რასაც გადამწყევტი როლი უნდა შეესრულებინა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ავტომანქანების დაყენების პრობლემის გადასაჭრელად;
3. ავარიული შენობების გამაგრება - მცირდება 27 634 600 ლარით, რაც ნიშნავს, რომ დაპირებული 70 შენობის გამაგრების ნაცვლად, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება მოხერხდეს სამუშაოების ჩატარება;
4. აღარ აშენდება გმირთა მოედნიდან ლაგუნა-ვერეს მონაკვეთზე და ვაშლიჯვრიდან დიღმის მიმართულებით ხიდები, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავდა მოძრაობას გზის ამ ისედაც ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთზე;
5. აღარ აშენდება მუნიციპალური ავტობუსების ახალი ავტოპარკი, რომლის მშენებლობა არსებული საავტობუსო ინფრასტრუქტურის და მძღოლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო;
6. აღარ აშენდება 2 ახალი მედიათეკა: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე და ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, რომლებიც ამ უბნების კულტურულ-საგანმანათლებლო შეკრების ადგილი უნდა გამხდარიყო და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის მიეცა განვითარების ახალი შესაძლებლობები;
7. მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის მუხლი მცირდება 840 000 ლარით, რაც ნიშნავს მათ სრულად მოწესრიგებასა და უსაფრთხოების დაცვაზე უარის თქმას;
8. სპორტული მოედნების მშენებლობის და რეკონსტრუქციის მუხლი მცირდება 1 000 000 ლარით;
9. კალათბურთის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება მცირდება 200 600 ლარით, ეს მაშინ როდესაც კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება უსახსრობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ზოგადად სპროტის ამ სახეობის დაფინანსება მწვავე პრობლემაა ქვეყანაში;
10. აღარ მოხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა ან/და დასამთავრებელი შენობების მშენებლობა - პროექტი, რომლის განხორციელებასაც ,,ქართული ოცნება", ჯაბა სამუშია და სხვა დეპუტატები აქტიურად ჰპირდებოდნენ 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას დაზარალებულ მოქალაქეებს;
11. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მუხლი მცირდება 788 000 ლარით. ეს იმ პირობებში, როდესაც მათი დაპირება იყო ამ პრიორიტეტის დაფინანსების გაზრდა და მილიონის ხის პროექტის განხორციელება. არანაირი სიახლე ამ სფეროში შემოთავაზებული არ არის;
12. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა მცირდება 4 057 700 ლარით, მათ შორის მეწარმეობის მხარდაჭერა მცირდება 3 500 000 ლარით. არადა წინაასარჩევნოდ დამაჯარებლად ჰპირდებოდნენ მოსახლეობას ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობას;
ეს არის პროექტების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც მოქმედი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული იყო, ასევე მათ ითვალისწინებდა დავით ნარმანიას და ,,ქართული ოცნების" წინაასაჩევნო პროგრამა და რომლის განხორციელებაზე უკვე მერი დავით ნარმანია წელს უარს ამბობს.
13. არ იზრდება კომუნალური ვაუჩერის ოდენობა. არადა მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური ვაუჩერებით სარგებლობის პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ გაორმაგებული შეღავათებით (500 ლარი, დღეს არსებული 250 ლარის ნაცვლად).;
14. არ შემოაქვთ მათი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სოციალურად დაუცველ ოჯახებში შეძენილ ახალშობილებზე, კერძოდ, მათი დაპირებით: თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ დაბადებულ ბავშვზე მიიღებენ 500-ლარიან ვაუჩერს, ხოლო ტყუპის შემთხვევაში ეს ვაუჩერი გაიცემა თითოეულ ბავშვზე ცალ-ცალკე;
15. სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის (კოეფიციენტის მომატება) ოდენობა იზრდება 3 000 000 ლარით - ამ მოსაკრებლის ამოღება ჩვენს მიერ არაერთხელ იქნა გადავადებული, იმისათვის რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამშენებლო ბიზნესი არ დაგვეზარალებინა. როგორც ჩანს, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე შეტევას ,,ქართული ოცნება" აგრძელებს და ნაცვლად ამ მოსაკრებელზე კვლავ საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისა, რაც მენაშენეთა ასოციაციის მოთხოვნაც იყო, აპირებს დაგეგმილზე 3 მილიონი ლარით მეტი ამოიღოს სამშენებლო სექტორიდან.
ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ მომზადებული სხვა პროექტებიც, რომელსაც მხარი თბილისში თითქმის ყველა მესამე ამომრჩეველმა დაუჭირა, კერძოდ:
16. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას არსებული შეღავათების სისტემის კიდევ განვრცობა: წელსვე თუნდაც მხოლოდ პენსიონერებისათვის და 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასოდ მგზავრობის შეთავაზება, რაც 2013 წლის მგზავრობის რაოდენობის გათვალისწინებით, ბიუჯეტს დარჩენილი 4 თვის (სექტემბერი - დეკემბერი) განმავლობაში დამატებით დაახლოებით მხოლოდ 1 500 000 ლარი დაუჯდებოდა;
17. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ახალი სისტემის გამოყენებით იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის ამ პროექტის ჩართვა თუნდაც თანადაფინანსების პროგრამებში;
18. წარჩინებული სტუდენტებისათვის ფასიანი სტაჟირების პროგრამის, სახლში უფასო ინტერნეტის, სტიპენდიის შეთავაზება.
19. ე.წ. მეცამეტე ხელფასი მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და საწარმოების თანამშრომლებისთვის (სატრანსპორტო კომპანია, საბავშვო ბაღები, დასუფთავების კომპანია, სინათლის ქალაქი და ა.შ).
მასალის გამოყენების პირობები






