გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ფართომასშტაბიან კამპანიას „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“, იწყებს. პროექტი, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად მომზადდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად .
სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „ნარჩენების მართვის შესახებ“ და ამ ეტაპზე საჯარო განხილვები მიმდინარეობს ბიზნეს და სამოქალაქო სექტორთან. კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, გამართულ ბრიფინგზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მოუწოდა ჩაერთონ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც სამინისტროს მიერ იქნება ინიცირებული და წინასწარ დაანონსდება ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.
გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა, რომლის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დაუდევრობაა. პრობლემის მოსაგვარებლად მომზადებული კანონპროექტი „ნარჩენების მართვის შესახებ“, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს განსახილვევლად წარედგინება. კანონპროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით. გარემოს დაბინძურების თითოეული ქმედების შესაბამისად ადეკვატური სანქციები და შესაბამისი ჯარიმები დაწესდება.
მასალის გამოყენების პირობები






