სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თურქეთში ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და ეკლესიებში ქართულ წირვა-ლოცვის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ ილია მეორემ თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთნ მეჰმედ გორმეზთან შეხვედრისას განაცხადა.
უწმინდესმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის აღზრდილია ისეთ ოჯახში, სადაც მუსულმანებს პატივს სცემდნენ.
მისი თქმით, მის მშობლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი მუსლიმანი მეგობარი ჰყავდათ და როდესაც ისინი მათთან სტუმრად ჩამოდიოდნენ, მისი მშობლები მუსულმან სტუმრებს ყველაზე დიდ ოთახს უთმობდნენ. იქ ხალიჩას ფენდნენ, რათა მუსულმან მეგობრებს შესძლებოდათ ლოცვა.
პატრიარქმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც საბჭოთა პერიოდში ხელისუფლებამ მუსულმანების ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა აზიაში გადასახლება გადაწყვიტა. მისი თქმით, პატრიარქის მამამ შესთავაზა მუსულმან მეგობრებს, რომ მათ შვილებს იშვილებდა, რათა შუა აზიაში არ გადაესახლებინათ.
"საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთ ისტორიული ქართული ძეგლები როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღსდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი. თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი - არა“, - განაცხადა პატრიარქმა.
მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებშიო ორივე მხარემ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
მასალის გამოყენების პირობები






