გაზეთ „ალიას“ „საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი მადონა კოიძე ესაუბრა.
„ჩვენს ორგანიზაციაში მომხმარებელმა გამოაგზავნა სურათი, რომელიც გადაღებული იყო სურამი - ჩუმათელეთის გზაზე. ფოტოზე ჩანდა, როგორ იღებენ აქაური საზ.კვების ობიექტები პურ-ფუნთუშეულს, ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე. სურსათის სააგენტოსთან 5 სექტემბერს დაიგეგმა ჩვენი ერთობლივი რეიდი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და მომხმარებელთა ფედერაციამ ავიღეთ ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისათვის ყველა სტანდარტის დაცვით, ამის შემდეგ მოხდა ამ სინჯების თბილისში ტრანსპორტირება და რა შედეგები დადგება, ამას უშუალოდ სურსათის უვნებლობის თანამშრომლები და სოფლის მეურნებობის ლაბორატორიის თანამშრომლები მოგახსენებენ“,- აღნშნა მადონა კოიძემ.
- მანამდე რა ნახეთ? იჭმევა თუ არა იქ საჭმელი?
დაგვხვდა უმძიმესი მდგომარეობ : არ იყო დაცული ტემპერატურული რეჟიმი პროდუქციის რეალიზაციის დროს, ჭურჭელი არ ირეცხებოდა სათანადოდ, ირგვლივ იყო საშინელი სიბინძურე, სრულიად გულისამრევი სურათი ვნახეთ: აბლაბუდები, უამრავი ბუზი, ტარაკანები, პროდუქტი იატაკზე დაყრილი, დამიჯერეთ, ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას.
- სულ რამდენი ობიექტის ნახვა მოასწარით?
სამი ობიექტის, მაგრამ ერთი იყო სურამში, სადაც ჭერი ისეთი იყო, არ შეიხდებოდა - ჩამონგრეული, წყალი ჩამოდიოდა, ამას დაუმატეთ მტვერი, სიბინძურე, წყლის მომარაგება აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, კანალიზაცია მოუწესრიგებელი, როგორ შეიძლება პროდუქტის დამუშავება და ხელების დამუშავება ასე ხდებოდეს და შემდეგ აქ რეალიზებული პროდუქტი მომხმარებელს მიაწოდო?
- არადა, ეგ ის ადგილებია, წამსვლელ-წამომსვლელი მგზავრები რომ შედიან და იკვებებიან.
სამარშუტო ტაქსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს აქვთ ამ დაწესებულების პატრონებთან დადებული ზეპირი ხელშეკრულება, რომ აუცილებლად მათთან გააჩერონ, ამის საფასურად მძღოლებს უფასოდ აჭმევენ ეს ობიექტები, მაგრამ მგზავრს წართმეული აქვს არჩევის უფლება და იძულებულია, იკვებოს პროდუქტით, რასაც ჯანმრთელობის აშკარა დაზიანება შეუძლია. 5 დღის წინ იყო ეს ერთობლივი რეიდი და დღესაც თვალებიდან არ ამომდის იქაურობა.
ასევე უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლს არ ექვემდებარება სიტუაცია საპირფარეშოებთან დაკავშირებით. თუმცა ასევე კატასტროფაა და მომხმარებლის შეურაცხყოფაა ამ საზკვების ობიექტებში შესვლაც და კვებაც, აქ შეძენილ ისეთ დაცულ საკვებშიც როგორიცაა ხაჭაპური, შესაძლოა, იყოს გარკვეული საშიში ელემენტები.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელმა, თამუნა მოდებაძემ განაცხადა, რომ „შეკმაზულ კუჭმაჭში“ და ვინეგრეტის სალათში კოლიფორმები და ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები საკმაოდ დაბინძურებული იყო. კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მიღება იწვევს ნაწლავურ ინფექციებს, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანებას, ასევე მენინგიტსა და სხვა სერიოზულ დაავადებებს.
მასალის გამოყენების პირობები






