როგორც ,,ნიუპოსტს“ კომპანიაში განუცხადეს, კვლევის მიზანია აჩვენოს, როგორ აფასებს საზოგადოება მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს სხვადასხვა მიმართულებით, აგრეთვე დაეხმაროს მთავრობას საკუთარი მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში.
კვლევა უწყვეტი ხასიათიასაა, „აი ფი ემი კვლევები“ ყოველთვიურად გეგმავს კვლევის მომდევნო ტალღების განხორციელებას.
რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევა ხორციელდება სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხება 600 რესპონდენტი (თითოეული ტალღის ფარგლებში). რესპონდენტები არიან თბილისის მაცხოვრებლები, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.
კვლევაში გამოყენებული იქნება სამი ინდექსი:
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი– გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი– ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე
გრაფიკზე მოცემულია კვლევის შედეგად მიღებული მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ივლისი-აგვისტოს თვეებისათვის, აგრეთვე ამ მონაცემების შედარება 2008 წლის მოდგომარეობასთან.
,,როგორც ჩანს, ყველაზე წარმატებულად თბილისელები აფასებს საგარეო ურთიერთობის სფეროში განხორციელებულ აქტივობებს, ხოლო უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებაა დასაქმების სფეროსადმი. როგორც ჩანს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ მართლაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საზოგადოების წევრთა განწყობა დამოკიდებულებაზე საგარეო ურთიერთობების შეფასებისას. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც უარყოფით შეფასებას აძლევს ტერტიროტიული მთლიანობის აღდგენისთვის გატარებულ ქმედებებს; ხოლო დასაქმების სფერო კვლავ პრობლემატურია. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობა მთავრობის მიერ გატარებული დასაქმების პოლიტიკით ცალსახად უკმაყოფილოა.
გრაფიკზე მოცემულია კვლევის შედეგად მიღებული მთავრობის წარმატების ინდექსი – 2008 წლის ოქტომბრისა და 2014 წლის აგვისტოს მაჩვენებლები, რაც კარგად აჩვენებს მოსახლეობის განწყობების ცვლილების დინამიკას და იძლევა შედარების საშუალებას.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის განწყობები გარკვეულ სფეროებში მნიშვნელოვნად შეიცვალა წინა და ახალი მთავრობის პირობებში. მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებებია ჯანდაცვის, განათლების, საგარეო ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ კუთხით მთავრობის მიერ გატარებული საქმიანობები უარყოფითი შეფასებებიდან დადებითი შეფასებების ველში გადმოვიდა. ხოლო, პირიქით, წინა მთავრობასთან შედარებით, ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო უარყოფითად ფასდება ეკონომიკური საქმიანობაში, დასაქმებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.
ზოგადად, მიღებული მაჩვენებლები იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე „ქათული ოცნების“ მიერ არჩევნებზე მოპოვებული საარჩევნო ხმების პროცენტული მაჩვენებლები. ამ კვლევის საველე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დასრულდა, და ამდენად თბილისელების დამოკიდებულება პოლიციის მუშაობისადმი კვლევაში ასახული ვერ იქნება“, - აცხადებენ კომანია ,,IPM“-ში.
მასალის გამოყენების პირობები






