არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“, პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით ადმინისტრირების გამკაცრებას შეეხება.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „ბოლო დროს ჩატარებულმა არაერთმა საერთაშორისო კვლევამ ცხადყო, რომ თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თუმცა, დაბინძურების მაღალი დონე ქალაქგარეთაც თვალში საცემია. ამ ყველაფრის მიზეზს კი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე წარმოადგენს.
მართალია, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და მით უფრო ჩვენს დედაქალაქში, თუმცა იგი შესაძლებელია საზოგადოებაში გარკვეული უსიამოვნებების მიზეზიც გახდეს.
ყოველი ასეთი ინიციატივის შემდეგ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ჯარიმის ოდენობის შესახებ ინფორმაციის ხშირი მიწოდება, რათა არ წარმოიშვას დაპირისპირება დასუფთავების სამსახურის ინსპექტორთან. ჩვენს ქვეყანაში შიდა მიგრაციის დონე მაღალია და არაინფორმირებულობამ შესაძლებელია უსიამოვნებები გამოიწვიოს“.
ორგანიზაცია დედაქალაქში ურნების ნაკლებობაზეც მიუთითებს და ამ საკითხის მოგვარებას კეთილმოწყობის სამსახურს სთხოვს.
„გარემოს დაბინძურების საფუძველს დედაქალაქში ურნების ნაკლებობაც ქმნის. წლების წინ ქალაქში განთავსებული მცირე ზომის ურნები თავის დროზე უხარისხო გამოდგა, რის შედეგადაც ხშირი იყო მცირე ზომის ხანძრები ქალაქის სხვადასხვა უბნებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე.
გარდა ამისა, ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა თანადგომა. მივმართავთ მოქალაქეებს, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ ქალაქის ეკოლოგიაზე და იერსახეზე“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






