ვინაიდან და რადგანაც საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრი აცაბაცა დადის და „გაკვეთილებს“ ხშირად აცდენს, კატეგორიულდ ვითხოვ, უახლოეს ხანში პარლამენტში ჩატარდეს მშობელთა კრება. შესაძლებელია ბებია-ბაბუების მოყვანაც. ახლა კი სახალხოდ ამოვიკითხავ სიას, რათა მთელმა საქართველომ იცოდეს ზარმაზი დეპუტატების ვინაობა. ე.ი. 2014 წლის იანვრიდან, ამავე წლის ივნისის ჩათვლით, ყველაზე ხშირად „გაკვეთილებს“, ანუ სხდომებს, კოალიციიდან აცდენდნენ:
ზვიად კვაჭანტირძე - 4 უმიზეზო გაცდენა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი არა, ღმერთმა არ იცის, სად იმყოფებოდა 5,6,7, მარტს და 16 მაისს.
გუგული მაღრაძე - ასევე 4 არასაპატიო გაცდენა.
დავით საგანელიძე - 4 არასაპატიო გაცდენა. დაკარგული იყო 22, 23, 24 იანვარს, ასევე 16 მაისს. დაუკვირდით, როგორც ჩანს ზვიად კვაჭანტირაძე და დავით საგანელიძე 16 მაისს ერთად იმყოფებოდნენ "შატალოზე".
ნანა ყეინიშვილი - 5 არასაპატიო გაცდენა.
ლერი ხაბელოვი - 5 არასაპატიო გაცდენა.
ვიქტორ ჯაფარიძე - 4 არასაპატიო გაცდენა.
გიორგი თოფაძე - 3 არასაპატიო გაცდენა. ესეც დაკარგული იყო 1-2 და 14 მაისს. გამოდის, ვიქტორ ჯაფარიძე და ბატონი გოგი ერთად სვამდნენ სადღაც ლუდს.
ახლა იწყება მთავარი ინტრიგა, გადავალთ „ნაციონალების“ გაცდენებზე და ციფრები გვეტყვის, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი კოალიციის წევრებთან ერთად?
ხათუნა გოგორიშვილი - 4 არასაპარლამენტო გაცდენა. კოალიციის წევრებთან ერთად დაკარგული იყო 5,6,7 და 21 მარტს. როგორც ჩანს ის კოალიციის წევრებს უკითხავდა ლექციას თემაზე: „როგორ გავაყალბოთ არჩევნები“.
დავით დარჩიაშვილი - 4 არასაპატიო გაცდენა. ამათთან ერთად იმყოფებოდა 6-7 არტს, შემდეგ, კი გაქრა 21 მარტს და 4 აპრილს. წესით, 4 აპრილს პირი უნდა გაეპარსა და ისე დაბრუნებული პარლამენტში, მაგრამ ისევ წვეროსანი დაბრუნდა.
გიორგი ვაშაძე - 6 არასაპატიო გაცდენა.
გივი თარგამაძე - 5 არასაპატიო გაცდენა.
რამაზ ნიკოლაიშვილი - 12 არასაპატიო გაცდენა. ოოო, ამან იანვარში დაიწყო გაცდენების სერია და 25 მაისამდე არ გამოჩენილა, ბატონ რამაზ მშობლების მოყვანაც ვეღარ უშველის, გასარიცხია.
მარიამ საჯაია - 15 არასაპატიო გაცდენა. მარტიდან მაისამდე არც ერთ „გაკვეთილს“ არ დასწრებია. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და განცხადების დაწერა არ ჩათვალა საჭიროდ. მერე ჩიორამ დაურეკა და უთხრა: გოგო, შენ ხომ არ გაგიჟდი, დაწერე განცხადება, ამდენ ფულს რატომ კარგავო? მარიამმა უცებ მოტვინა და დაწერა განცხადება.ის აჟამადაც ამერიკაშია, ისევ „განსწავლულობას“ ეუფლება, მაგრამ გაცდენები არასაპატიოში აღარ ეთვლება.
პეტრე ცისკარიშვილი - 6 არასაპატიო გაცდენა.
დავით ბეჟუაშვილი - 7 არასაპატიო გაცდენა. პრინციპში ეს გინდა ყოფილა პარლამენტში, გინდა - არა, საკუთარი ბიზნესი აქვს მისახედი. ესა და კობა ნაყოფია მხოლოდ გასარიცხები კი არა გასაყრელები არიან.
მარიკა ვერულაშვილი - 14 არასაპატიო გაცდენა. ამას საერთოდ არ უვლია პარლამენტში იანვარ-თებერვალ-მარტსა და მაისში. სად დადის, კაცმა არ იცის. სავარაუდოდ, დეპრესიაშია.
პარლამენტში ყველაზე ბეჯითი „მოწაფეები“ არიან (უმრავლესობიდან) სოსო ჯაჭვლიანი და (უმცირესობიდან) აკაკი ბობოხიძე, თითო არასაპატიო გაცდენით.
არა, მთალად ასეც არ ვარგა - როდესაც მთელი კლასი „შატალოზე“ მიდის, ესენი რატომ რჩებიან? აი ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია. ვინ იცის, რა იმალება ამ „დარჩენის“ უკან? ისე, მაინც მაგარია, უბრალო ციფრებსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამის თქმა.
წყარო: გაზეთი "კვირის ქრონიკა"
მასალის გამოყენების პირობები






