დეპუტატ ეკა ბესელიას ვაჟი, რატი მილორავა "სქაი ბართან" მომხდარი მკვლელობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მილორავა ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს არათუ "სქაი ბარში", არამედ თბილისშიც კი არ იმყოფებოდა. მისი აზრით, დაჩი დარჩიას მკვლელობასთან მისი სახელის დაკავშირება ეკა ბესელიას ფაქტორის გამო მოხდა.
"ეს არის სრული სისულელე. იმ დღეს ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი "სქაი ბარში" და ვერც ვერანაირი შეხება ვერ მექნებოდა ამ საქმესთან. ნამდვილად ტრაგედია მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა და ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ზოგიერთები ამ ტრაგედიას სათავისოდ იყენებენ და შანსს არ უშვებენ, ტალახი არ ისროლონ...
იმ დღეს არათუ "სქაი ბარში", საერთოდ თბილისშიც კი არ ვყოფილვარ. თბილისში ბოლო ერთ თვეზე მეტია არც ერთხელ არ ჩამოვსულვარ. ბოლო კვირა კი აჭარაში ვიმყოფებოდი, ჩემებთან ერთად, მე და ჩემი ბიძა ვიყავით 25-31 აგვისტომდე ქობულეთში, სასტუმროში, 28-ში მოძღვარი ჩამოვიდა თბილისიდან და ორი დღე მასთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი აჭარაში, ბათუმში ჩავდიოდი და მერე ისევ ქობულეთში ვბრუნდებოდი. თბილისში საერთოდ არ ჩამოვსულვარ თვეზე მეტია, როგორც გითხარით. ამის გადამოწმება ძალიან მარტივია. თქვენ ჟურნალისტი ხართ და შეგიძლიათ, თვითონაც გადაამოწმოთ სასტუმროში, დაუკავშირდით იმ ადამიანებს რომლებიც იმ დღეს ჩემთან ერთად იყვნენ.
ჩემი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ეკა ბესელიას შვილი ვარ. სხვა დანარჩენი ამბებიც ისეთივე ტყუილია, როგორც იმ დღეს "სქაი ბარში" ჩემი ყოფნა, ან იმ საქმესთან ჩემი კავშირი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემ მიმართ ასეთი ინფორმაციების აგორება ხდება იმიტომ, რომ ამით დედაჩემს მიაყენონ დარტყმა, ეს პირდაპირ კავშირშია ეკას პოლიტიკურ საქმიანობასთან", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" საუბრისას რატი მილორავა.
იცნობდა და თუ არა დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს? ამ კითხვაზე მილორავა პასუხობს, რომ არასდროს არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია.
"არასდროს მინახავს ის პიროვნება. მის შესახებ მეც მას შემდეგ გავიგე, რაც ეს ჭორი ააგორეს. არასდროს ნანახი არ მყავს ეს ადამიანი. თავიდან ვიფიქრე, ეშლებათ-მეთქი, ამიტომ მოვიკითხე ჩემს მეგობრებთან, ჩავთვალე, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები და მიზანმიმართულად არ იტყუებოდნენ, მაგრამ, როდესაც მოვიკითხე, საერთო ნაცნობიც კი ვერ გამოვძებნე. უკვე გასაგები გახდა, რომ ამ პიროვნებასთან ჩემი სახელის დაკავშირება მიზანმიმართულად ხდებოდა", - ამბობს რატი მილორავა.
29 აგვისტოს "სქაი ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისში ცნობილი დიჯეი, დაჩი დარჩია მოკლეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა მალევე დააკავეს, თუმცა მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ საქმესთან დეპუტატ ეკა ბესელიას ვაჟის, რატი მილორავას კავშირის შესახებ. ითქვა, რომ მკვლელობის მომენტში ადგილზე სწორედ რატი მილორავაც იმყოფებოდა, რომელიც თითქოს მკვლელობაში ბრალდებულის ახლო მეგობარი გახლდათ.
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






