გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელები და ჯარიმები მაქსიმალურად გამკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც განსახილველად მთავრობას უახლოეს მომავალაში წარედგინება. როგორც „ნიუპოსტს“ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ განუმარტა, განსხვავებული იქნება სანქციები იმის მიხედვით, თუ რა სახის დაზიანება მიადგება გარემოს გადაყრილი ნარჩენით.
„საუბარია არა მხოლოდ არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებაზე, არამედ საერთოდ ახალ კანონპროექტზე ნარჩენების მართვის სფეროში, რომელიც საქართველოს საერთოდ არ ჰქონია. ეს კანონპროექტი მოაწესრიგებს ზოგადად ნარჩენების მართვის საკითხებს როგორც ინსტიტუციურ, ასევე სამართლებრივ დონეზე. კანონპროექტის თანახმად მოწესრიგდება ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების და მართვის საკითხები.ეს კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. ასევე კანონპროექტი შეიცავს თავს, რომელიც ადმინისტრაციულ სანქციებს ეხება. ეს შეცვლის იმ სანქციების სისტემას, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში. ერთმანეთისგან გაიმიჯნება დანაგვიანება და დაბინძურება კატეგორიის და ხარისხის მიხედვით. სანქციები გაიმიჯნება იმ ხარისხის მიხედვით, თუ რა სახის არის გადაყრილი ნაგავი ან ის ქმედება, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს გარემოზე მიყენებული ზიანის თვალსაზრისით.
განსხვავებული სანქციები იქნება იმ დაბინძურებაზე, რომელიც გარემოს ზიანს აყენებს, დაუშვათ გარემო დაზიანდა მანქანის ზეთით, აკუმულატორის ზეთი და ასე შემდეგ და განსხვავებული ჯარიმა და სანქცია იქნება, როდესაც არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გარემოში გადაგდებაზე. მთელი რიგი ახალი სანქციები და ჯარიმებია შემოღებული, რომელიც კანონმდებლობაში არ არსებობდა. ეს სანქციები გაამარტივებს აღსრულებას და აამაღლებს მოქალაქეთა თვითშეგნებას ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე გამიჭირდება გითხრათ რა იქნება სანქციის მაქსიმალური რაოდენობა, თუმცა ეს განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა ზიანს მიაყენებს ადამიანი გარემოს“, - განაცხადა ბითაძემ.
რაც შეეხება აღსრულებას, კანონის მიხედვით აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა.
მაია ბითაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით ასევე მოწესრიგდება ნაგავსაყრელების მოწყობის საკითხი.
„რაც შეეხება ნაგავსაყრელებს, იქნება რამოდენინე კატეგორია - საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი, ინერტული ნარჩენების დაგავსაყრელი და სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი. აიკრალება გარკვეული ქმედებები, რომლებიც ოპერირებისა და მართვის დადგენილ წესებს თუ დაარღვევენ, შესაბამისად სანქციები ამ კუთხითაც იქნება. გაიმიჯნება ის პროცედურები, რომლებიც ნაგავსაყრელის მოწყობას ეხება და კანონპროექტის ძირითადი არსიდან გამომდინარე, კანონპროექტი სანქციების ნაწილში, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს მყისიერად შევა ძალაში, ხოლო ნაგავსაყრელების ოპერირების, მოწყობის და შემდგომი მოვლის და დახურვის პროცესები და თვითვმმართველობის ორგანოების ვალდებულებები ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვის თვალსაზრისით ეტაპობრივად შევა ძალაში“, - განაცხადა ბითაძემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






