მედიკამენტების გაცემის სარეცეპტო სისტემაზე გადასვლა საქართველოს მასშტაბით დიდი განხილვის საგნად იქცა. მოსახლეობა გაჩენილ კითხვებზე პასუხებს ითხოვს, სამედიცინო პერსონალი და სააფთიაქო ქსელი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას იწონებს, მაგრამ პროექტის გამარტივებაზე საუბრობს.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, რამდენიმე აფთიაქში კანონდარღვევა დაფიქსირდა. ფიაქის თანამშრომელი ექიმები, მომხარებელს სასურველ მედიკამენტზე რეცეპტს, ყოველგვარი დიაგნოსტირებისა და გამოკვლევის გარეშე, იმავე აფთიაქის ტერიტორიაზე უწერენ.
აღნიშნული ცნობის გადასამოწმებლად, „ნიუპოსტი“, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, დავით მაჭარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავის ინფორმაციას ფლობენ და დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი მექანიზმები იქნება ამოქმედებული:
„თუ არსებობს ფაქტი იმაზე, რომ აფთიაქში ექიმი ყოველგვარი დიაგნოსტირების გარეშე მომხმარებელს რეცეპტს უწერს, რა თქმა უნდა ეს კანონდარღვევაა. ჩვენს მიერ ფაქტი არ დადასტურებულა, მაგრამ გაგებით გავიგეთ ჩვენც. რომ უარვყო არ მსმენია და პირველად თქვენგან გვესმის, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს.
გააჩნია როგორ ახორციელებს საექიმო საქმიანობას, თუ მხოლოდ რეცეპტს უწერს, ეს დარღვევაა, არ არის კანონმდებლობით დაშვებული. თუ საექიმო საქმიანობას აფთიაქის ფართში ახორციელებს, ამას ყველაფერს თავისი მოთხოვნები აქვს, ეს არის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, მასზე კანონმდებლობით გაწერილი არის მოთხოვნები და თუ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ეს უკვე სხვა სამართალდარღვევაა, აუცილებლად ჩვენს მიერ მომდევნო კვირაში გადამოწმდება ეს ფაქტი და დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.
მისივე განმარტებით, ფარმაცევტს მეორე ჯგუფში შეტანილი მედიკამენტების სიიდან ურეცეპტოდ გაცემის უფლება, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში აქვს, ამ სიტუაციაშიც წამლების რაოდენობა და დასახელება შეზღუდულია, გადაუდებელ სიტუაციაში გასაცემ მედიკამენტთა სიაში 14 დასახელების ნითიერებაა შეტანილი, რაც რამდენიმე ასეული დასახელების მედიკამენტს მოიცავს:
„კანონმდებლობაში გათვალისწინებულია, გადაუდებელი შემთხვევების დროს რა პროდუქტი შეუძლია გასცეს ფარმაცევტმა რეცეპტის გარეშე, შესაძლოა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ მოქალაქე შეუძლოდ გახდა, აფთიაქთან ახლოს იმყოფება, ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა გასცეს გადაუდებელ შემთხვევაში, იქ არის ჩამოთვლილი 14 დასახელების ნივთიერება, რომელთა სავაჭრო დასახელებაც რამდენიმე ასეულზე ადის. ფარმაცევტს კი შეუძია იქიდან გასცეს ყოველგვარი რეცეპტის გარეშე. თავისი შეხედულებისამებრ ფარმაცევტმა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია ნაცნობს და მეგობარს მისცეს მეორე ჯგუფში შემავალი მედიკამენტის რომელიმე სახეობა, ეს აკრძალულია და დასჯადია. ეს გათვალისწინებულია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო დახმრების ექიმს რეცეპტის გამოწერის უფლება არ აქვს, 18 წლამდე ასაკის პირთათვის კი რეცეპტითაც კი იკრძალება მეორე ჯგუფის კატეგორიაში შეტანილი მედიკამენტების გაცემა:
„სასწრაფო დახმარების ექიმს რეცეპტის გამოწერის უფლება არ აქვს. რაც შეეხება არსრულწლოვნებს, მათზე რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები არ გაიცემა, აკრძალულია და გაცემა შეიძლება დაახლოებით 4 ათასამდე სამკურნალო საშუალებაზე, რომელიც არის მესამე ჯგუფში და მათი შესყიდვისთვის რეცეპტი არ არის საჭირო“, - განმარტავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დავით მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით მედიკამენტების რეცეპტებით გაცემა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს პროექტი იხვეწება და ყოველდღიურად ახალი რეგულაციები ხდება ცნობილი.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






