აფხაზეთში ბოლო პერიოდში დიდი დავაა გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა უყონ ბიჭვინთის ტაძარში დამონტაჟებულ უნიკალურ ორღანს. ამჟამად ბიჭვინთის ტაძარში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ორიოდე თვის წინ კი აფხაზური სამღვდელოების ნაწილმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბგას ტაძრიდან ორღანის გატანის თხოვნით მიმართა.
მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ტაძარმა თავისი პირვანდელი ფუნქცია დაიბრუნოს და რომ ტაძარი არ უნდა იყოს კონცერტებისა და ფესტივალების ჩატარების ადგილი.
ბგანგბამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა. მისი „განკარგულებით“ გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციას უნდა გამოეყო მიწა და მოეძებნა საშუალება ახალი ობიექტის ასაშენებლად, სადაც ორღანს გადაიტანენ.
თუმცა აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ეს მიუღებელია. ამასათან დაკავშირებით აფხაზეთში საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შეიქმნა, რომელსაც პირდაპირ ასე ჰქვია - „გადავარჩინოთ ორღანი“. აღნიშნულ თემაზე საზოგადოებამ საგანგებო მიმართვაც კი გაავრცელა.
„ძნელი წარმოსადგენია აფხაზეთი ბიჭვინთის ორღანის გარეშე, რომელიც დგას მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარში. არამხოლდო აფხაზეთის სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები რათა მოუსმინონ ცნობილ საოპერო მომღერლებს და ორღანისტებს.
რამდენიმე ხნის წინ ზოგიერთმა მშვდელმსახურმა მოითხოვა ამ ორღნის დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა. მივმართავთ ყველას ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი კულტურა და ისტორია, ერთად გადავარჩინოთ ბიჭვინთის ტაძარი და მისი უნკიალური ორღანი“.- აცხადებს „ გადავარჩინოთ ორღანი“.
ცნობისთვის, ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში ეს უნიკალური ორღანი 1975 წელს დაამონტაჟეს. იმ პერიოდში ტაძარში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა. ეს ტრადიცია აფხაზეთის ომის შემდეგაც გაგრძელდა და 2001 წლიდან ამ ღონისზიების ორგანიზატორი იყო აფხაზი საოპერო მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი ხიბლა გერზმავა.
ისტორიკოსები და პოლიტოლოგები აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, ძეგლების მოწესრიგების საკითხში საერთაშორისო ძეგლთა დაცვის წარმოამდგენლების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი აზრით, ბიჭვინთა მარტო ქართული კულტურის ძეგლი არ არის, ეს მსოფლიო კულტურული ძეგლია და იგი დაცული უნდა იყოს.
რაც შეეხება ორღანის ბედს, ქართველ სპეციალსტა უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ ბიჭვინთის ტაძარმა თავისი პირვანდელი სახე დაიბრუნოს და ორღანმაც შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია.
გაზეთი "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები