გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია DEMACLENKO-ს შორის გუდაურსა და დიდველზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, კურორტებზე განხორციელდება გეოლოგიური, გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გუდაურსა და დიდველზე პირველი სასრიალო გზების გათოვლიანება.
ხელმოწერა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში შედგა იტალიაში, ქალაქ ვიპიტენოში.
ვიცე-პრემიერმა საქართველოს სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საკითხებზე მოლაპარაკება გამართა მსოფლიოში ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი კონცერნის HTI (High Technology Investments) და მის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოისმინა იტალიური DEMACLENKO-სა და Leitner-ისა და ფრანგული „Poma“-ს პრეზენტაციები საქართველოს სამთო კურორტების - გუდაურისა და ბაკურიანის (დიდველის) განვითარების შესახებ.
პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა და სასრიალო გზების გათოვლიანება.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით სეზონის გახსნა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, რაც სასრიალო სეზონის, დამსვენებელთა რიცხვის და კურორტის შემოსავლიანობის გაზრდას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






