დღეიდან მედიკამენტების თვითნებურად შეძენა იკრძალება. საუბარია 5000-ზე მეტი დასახელების წამალზე.
რეცეპტის გარეშე შეიძენთ 61 ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიკუთვნებულ 3600-ზე მეტი სახეობის მედიკამენტს. ესენია ვიტამინები, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, სიცხის დამწევი, ანთების, ხველის, ანემიის საწინააღმდეგო, ბრონქული ასთმის სამკურნალო, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვა პრეპარატები.
"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილების მიხედვით, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.
დღეიდან ასევე იკრძალება არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა. შესაბამისი ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში გასული წლის ზაფხულში შევიდა და დღეიდან ამოქმედდება.
ცვლილების მიხედვით, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






