ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი დაკავებულია. სამართალდამცავებმა 44 წლის დავით კუბლაშვილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააპატიმრეს.
გამოძიების ინფორმაციით ეჭვმიტანილმა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით სამი ახალგაზრდა მოკლა. გარდაცვლილები 22, 24 და 26 წლის ბიჭები არიან.
ტრაგედიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გულმკერდის არეში დაიჭრა და იგი ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თვითმხილველთა თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილებს კარგად იცნობდა, რადგან ტრაგედიამდე სადღესასწაულო სუფრაზე სწორედ კუბლაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ. დაკავებული ახალგაზრდებს თავს ადიგენიდან სოფელ ყარათუბანში მიმავალ გზაზე დაესხა და ცეცხლი გაუხსნა.
„დაახლოებით 9 საათზე დამირეკა და მელაპარაკა, შენთან მინდა ჩამოსვლა, ძმაკაცებთან ერთად ვქეიფობო, ნასვამი იყო და ვთხოვე ხვალ ჩამოსულიყო, კარგიო და გამითიშა ტელეფონი, ამით დავამთავრეთ ლაპარაკი. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ყოველთვის ერთად ქეიფობდნენ და ერთად იყვნენ“, - აცხადებს ერთერთი გარდაცვლილის მამა.
ადიგენის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ჩილინგრაშვილის განცხადებით, ეჭვმიტანილმა შური სავარაუდოდ საკუთარი შვილის გამო იძია:
„დავით კუბლაშვილს ვიცნობდი, ადიგენის რაიონში მუშაობდა, იყო საჯარო რეესტრის თანამშრომელი. მეგობრები ამბობენ, რომ თურმე ყოველ დღე გამოდიოდა და ამ თოფით ისროდა, დაღუპულ ახალგაზრდებს და ამ კუბლაშვილის შვილს რაღაც კონფლიქტი მოსვლიათ, ალბათ მამა გამოვიდა და შური იძია. მოუძებნია ეს ახალგაზრდები და თოფით დაუხოცია“, - აცხადებს ჩილინგარაშვილი.
რაც შეეხება დაჭრილ ახალგაზრდას, იგი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება:
„მიღებული აქვს მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები, საფრთხე არ ემუქრება, შემოსვლისას შოკურ მდგომარეობაში იყო, მდგომარეობა შემდგომ დასტაბილურდა, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას“, - აცხადებენ ექიმები.
მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძღა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს. ამოღებულია ეჭვმიტანილის კუთვნილი სანადირო თოფი, რომლითაც მკვლელობა მოხდა, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






