კასპის რაიონში თელიანის დევნილთა ჩასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ჩასახლებაში ხუთამდე კოტეჯი დაშლის პირასაა, ჩაინგრა იატაკი და იშლება კედლები.
დევნილები ხელისუფლებას დახმარებას „ნიუპოსტის“ საშუალებით სთხოვენ.
„უმძიმეს ვითარებაში ვცხოვრობთ, იატაკი ყველა ოთახში ჩაინგრა, ინვალიდი შვილები მყავს და ფეხმძიმე რძალი, სად წავიყვანო არ ვიცი. წყალი დგას ოთახებში, კედელები იშლება, დახმარება ვთხოვეთ კასპის გამგეობას, მაგრამ ჯერ ჩვენი დეპუტატის გარდა არავინ არ მოსულა. სამი თვეა ამ დღეში ვართ“,- ამბობს ნინო ღამბაშიძე.
„ნიუპოსტი“ დევნილთა ჩასახლებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თელიანის დეპუტატს ვახტანგ ბეჟიტაშვილს ესაუბრა, რომელიც საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზე აპირებს და ამბობს, რომ დევნილთა ჩასახლებაში ძალიან რთული მდგომარეობაა.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი" გორი



მასალის გამოყენების პირობები






