„როსსელხოდნადზორის“ ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაცია ამის შესახებ „როსსელხოდნადზორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ზრდა იმ თანამშრომლობის შედეგიცაა, რომელიც „როსსელხოდნადზორსა“ და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ჩამოყალიბდა.
„ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქათველო მზადაა, გაზარდოს რუსეთში ციტრუსის, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე დაიწყოს ცხოველური წარმოების პროდუქციის მიწოდება, როგორიცაა ცხვრის ხორცი, ცოცხალი ცხვარი, კალმახი და თაფლი. ამასთან დაკავშირებით, საქართველო დაინტერესებულია რუსული თესლისა და გენეტიკური მასალის იმპორტით, ჯიშიანი პირუტყვის მოსაშენებლად“, - ნათქვამია „როსსელხოდნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესრელიზის თანახმად, ზურაბ ჩეკურაშვილმა სერგეი დანკვერტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის ზომების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.
შეხვედრის შესახებ ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დანელია დადებითად აფასებს რუსეთში ქართული ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსთთან, სავაჭრო ურთიერთობების არსებობის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
,,რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი. შესაძლებელია, ჩვენი ექსპორტის ობიექტს კიდევ რამდენიმე დაემატოს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს. შესაბამისად, თუ კითხვა ექვემდებარება იმას, თუ რა ემბარგოები დაწესდა, ჩვენთან ალბათ ყველაზე დიდი ემბარგოა იმიტომ, რომ რეალურად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არის და ამ მიმართულებით არის პროგრესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ეს ფორსირებულად მიმდინარეობს და ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ასევე არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - განაცხადა დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






