თავდაპირველად „შარჟებს“ წერდა. ამით ხალისობდა და მეგობრებსაც ამხიარულებდა. ამას სერიოზულად არც აღიქვამდა, უბრალოდ გართობა იყო და მეტი არაფერი. მერე კი უცხო მიწაზე გადახვეწამ, საქართველოსთან დიდი ხნით განშორებამ და თავისი ქვეყნის ტკივილამდე მონატრებამ კალამს სულ სხვა დატვირთვა მისცა და ბევრი ლექსიც დააწერინა.
საქართველოს მონატრებით დაწერილი ლექსები რამდენიმე წლის წინათ ერთ წიგნში გააერთიანა და მკითხველს ემოციით გაჟღენთილი „ნოსტალგია“ აჩუქა.
„ცხოვრებამ განაპირობა, რომ ეს ჩემი გრძნობა – მონატრება თუ აქაური მდგომარეობისადმი შეუგუებლობა – ფურცელზე გადამეტანა და ფიქრი ლექსისთვის გამენდოო“ - ამბობს.
შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი ამჯერად მორიგი წიგნის დაბადებას ზეიმობს. „დედამიწა რაზე დგას“? - ეს უკვე საბავშვო კრებულია. რეალურ ისტორიებზე დაწერილი სახალისო ლექსებით და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით. ზღაპრულ ბავშვობაში დიდსაც რომ გადაისვრის და ლექსის კითხვის სურვილს აღუძრავს.
სოფო ფოცხვერაშვილი: „ამ ლექსებით შევეცადე გადმომეცა ნამვილი გმირების, ალალი, უდარდელი, ხალასი ფანტაზიები. რომელშიც მათი ბედნიერი და განუმეორებელი ბავშვობაა აღწერილი“.
ეს ფერადი ამბები ნახატებში მხატვარმა მანანა მორჩილაძემ გააცოცხლა. საბოლოოდ კი საოცარი კრებული გამოვიდა, რომელიც პოეტმა პატარა შვილიშვილს მიას მიუძღვნა.
სოფო ფოცხვერაშვილი უახლეს ხანში გამოცანების კრებულის გამოცემას გეგმავს. 400-მდე გამოცანა უკვე დაწერილი აქვს, როგორც პოეტისგან შევიტყვეთ გამოცანებს მოთხრობების კრებული მოჰყვება.
დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები