უწმინდესის თქმით, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან, თითოეული ქართველისთვის შვილივით უნდა იყვნენ. უწმინდესმა მრევლს მშვიდობისათვის ლოცვისკენ მოუწოდა.
პატრიარქმა დღევანდელ დღეს განსაკუთრებული უწოდა, რადგან როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს თავდაცვის სამინისტროსთან თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერება ხელი.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო. ჩენი ჯარი უნდა იყოს ძლიერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელი და გამოცდაა.", - აღნიშნა პატრიარქმა და პატრიარქმა უფალს სთხოვა, რომ მოგვცეს ძალა იმისა, რომ საქართველოს ააცილოს ეს გამოცდა.
პატრიარქი ქადაგებისას მსოფლიოში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის სიტუაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებობს, მეტად საშიშია. ,,ერთ დიდ ჭურჭელში იმყოფება თითქოს და სავსეა ის ფეთქებადი მასალით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აანთებს ასანთს, ამან შეიძლება არამარტო კაცობრიობა, არამედ სიცოცხლეც მოსპოს. როდის ნახავს ადამიანი გამოსავალს, ძნელია ითქვას, მაგრამ ადრე თუ გვიან, იარაღი მშვიდობიანმა ღონისძიებამ უნდა შეცვალოს“, - განაცხადა უწმინდესმა და იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა დაისადგურებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
მასალის გამოყენების პირობები






