არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ აღმასრულებელმა დირექტორმა
ნიკოლოზ მაღალდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. „სტაიანშიკების“ დასაქმების ინიციატივაზე ისაუბრა.
„მივმართავთ დედაქალაქის მერს, „სი-თი პარკთან“ მოლაპარაკებისას დააყენოს საკითხი ავტოდარაჯების ე.წ. "სტაიანშიკების" დასაქმებასთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება კომპანია „სი-თი პარკთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვისა და გაუქმების საკითხი. დედაქალაქის ყოფილი მმართველი გუნდი აპელირებს იმაზე, რომ ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდება, რაც ფაქტობრივად თავის დროზე ხელშეკრულების კაბალური პირობებით გაფორმების აღიარებაა.
აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების გამო კოლოსალური ჯარიმის გადახდა, მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში არსებულ როგორც თბილისის ასევე ქვეყნის ბიუჯეტს, თუ აღნიშნული მიზეზით ვერ მოხერხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, სითი-პარკისთვის ერთ-ერთ პირობად ავტოდარაჯების დასაქმების საკითხი უნდა დასახელდეს, რაც მძღოლებს დამატებითი გადასახადისგან გაანთავისუფლებს“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მაღალდაძემ.
ორგანიზაციამ თბილისის მასშტაბით 100-ზე მეტ რესპოდენტთან ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეწუხებულია იმით, რომ პარკირების გადასახადის გარდა, მათ მაინც უწევთ 0,50 და რიგ შემთხვევებში 2 ლარის გადახდაც კი.
ნიკოლოზ მაღალდაძის განცხადებით „ყველასთვის ნათელია, რომ „სი-ტი პარკს“ ხარჯები პრაქტიკულად არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით იმ თეთრი საღებავის ღირებულებას, რომელსაც წელიწადში 2-3-ჯერ თუ შეიძენს პარკირების ადგილების მოსანიშნად, ისიც იმიტომ, რომ კარგად დაინახოს გასცდა თუ არა მონიშვნის ხაზს ესა თუ ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რათა დროულად მოახდინოს მისი ევაკუაცია და დააჯარიმოს ავტომფლობელი.
გვინდა საზოგადოებას და მათ შორის, ბედის ანაბარა მიტოვებულ „ავტოდარაჯებს“ შევახსენოთ 2007 წელს, „სი-ტი პარკთან“ ხელშკეურლების გაფორმებისას ყოფილი მერის, ბატონი გიგი უგულავას განცხადება, რომ ქართველი მძღოლები „მოწყალენი“ არიან და ისინი სურვილისამებრ მისცემენ „ავტოდარაჯებს“ გასამრჯელოს.
ორგანიზაციის სურვილია, რომ თბილისში ავტოსადგომების საკითხი რაც შეიძლება დროულად გადაწყდეს, აშენდეს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები, რადგან სხვა შემთხვევაში პარკირების საკითხი დედაქალაქში ვერ მოგვარდება.
აქვე ავღნიშნავთ რომ მიუღებელია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა საჯარიმო სანქციებს ამოქმედებას გამოიწვევს და მერია ვალდებული იქნება ბიუჯეტიდან „სი-თი პარკს“ და დამნაშავე ჩინოვნიკებს არა თუ პასუხი მოსთხოვოს კაბალური ხელშეკრულების გაფორმებაზე, არამედ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო, ჯარიმაც კი გადაუხადოს კომპანიას თბილისელების ხარჯზე“.
მასალის გამოყენების პირობები






