როდის და როგორ უყალიბდებათ ბავშვებს კომპლექსები და რა როლი მიუძღვით ამაში მშობლებსა და მასწავლებლებს. როგორ უნდა შეძლონ ამ კომპლექსთან გამკლავება და რა არის საჭირო იმისთვის რომ ბავშვი უფრო მეტად თავდაჯერებული იყოს? - ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი ჩიქოვანი გვესაუბრება.
ქეთი ჩიქოვანი, ბავშვთა ფსიქოლოგი: „ძირითადი კომპლექსები ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და სკოლის პერიოდში ხდება კარგად შესამჩნევი. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც მშობლის განებივრებისგან, ისე ზედმეტი შენიშვნებით, ან სხვებზე შედარებით. სხვადასხვა ტიპის კომპლექსი ბავშვზე სხვადასხვაგვარად აისახება.
ბავშვებს ძირითადად ახასიათებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. მოსწავლე შეიძლება იყოს პასიური, ან პირიქით აქტიური. ამ დროს პედაგოგმა უნდა მოახერხოს მისი დაინტერესება და პროცესში ჩართვა. ასევე ზედმეტად აქტიური, აჟიტირებული მოსწავლე, მაქსიმალური სიმშვიდით ჩააბას სამუშაო პროცესში.
მასწავლებელს შეუძლია უბიძგოს მოსწავლეს წარმატებისაკენ, ნიჭის მარცვალი იპოვოს და გააღვიძებინოს. სწორედ ეს მომწონს ჩემი შვილების სკოლაში. მასწავლებლებს უყვართ ბავშვები და ამას გამოხატავენ. შეუძლიათ დაინახონ ბავშვში მინიმალური შესაძლებლობაც კი, უყურადღებოდ არ დატოვებენ და ერთად მიდიან წარმატებისკენ.
მთავარია გახსნილობა და ნდობა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის, რომ იყოს ინტერესი სწავლისადმი და საგნისადმი. მე პრაქტიკული ფსიქოლოგიით ვარ დაკავებული და ბავშვებს ვაჩვევ პოზიტიურ ხედვას. როგორ შეიძლება, ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილება და პოზიტიურად, ყველასათვის სასიამოვნოდ დასრულება.
განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს და თითოეულ არასასიამივნო სიტუაციას ვიღებთ მადლიერებით, როგორც გაკვეთილს. ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყაროს მოდელი, აქედან გამომდინარე უადვილდებათ ახალ მეგობართან ურთიერთობა.
მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, სკოლაში თუ სახლში. სიყვარულს და გულწრფელობას ყველაზე კარგად გრძნობენ. ამიტომ ნუ დავინანებთ ყურადღებას, რადგან რაც მეტ სიყვარულს და პოზიტიურ ემოციას გავცემთ მით მეტ სასიკეთო და სასიამოვნო შედეგს მივიღებთ.
მასალის გამოყენების პირობები






