გორელი ახალგაზრდები 2008 წლის აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავზე ოს თანატოლებს მიმართავენ. "ნიუპოსტი" ახალგაზრდების წერილს უცვლელად გთავაზობთ.
"2008 წლის 8 აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით 6 წლის წინ ყველა ჩვენთაგანი დაპირისპირებისა და საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოვჩნდით. ის დღეები სამუდამოდ დარჩება დანაკარგებით, ნგრევითა და ტკივილით სავსე მძიმე მოგონებად. ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ისევე როგორც ჩვენს მშობლებს, წილად ერგო გამოეცადა თავის თავზე იმ განსაცდელის სიმძიმე, რაც მოაქვს ომს. ჩვენ აღმოვჩნდით ჩათრეულნი ომის მორევში და გავხდით სიტუაციის ტყვენი, ჩვენი ცხოვრება გაიყო ომა“მდე” და ომის “შემდეგ” პერიოდად.
ამასთანავე, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ჩვენი თაობაა წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი რგოლი. დღეს, როდესაც ჩვენ ვხდებით მოწმენი დაძაბულობებისა და კონფლიქტების ახალი კერების წარმოქმნისა ჩვენს უახლოეს გეოგრაფიულ გარემოცვაში, ისე, როგორც არასდროს, არის აუცილებელი ჩავერთოთ მომავალი თაობებისათვის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
ჩვენ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული ხედვა, მაგრამ ჩვენი გაერთიანება შეუძლია საერთო ტრაგედიისა და ჩვენი მომავლისათვის საფრთხეების არსებობის გათვითცნობიერებას. ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი კავკასიური იდენტურობის გააზრება, გვაერთიანებს პასუხიმგებლობის გრძნობა, მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხო მომავლისა და ყოველი ცალკეული ადამიანის უსაფრთხოება.
ჩვენ, ახალგაზრდა თაობას, გაგვაჩნია საკუთარ გარემოში ლიდერად ყოფნის ჯანსაღი ამბიცია, ჩვენ გვინდა მივიღოთ ღირსეული განათლება, გვინდა გვქონდეს წარმატებები კარიერაში, გვაქვს თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება.
ახალგაზრდობა უნდა ათვითცნობიერებდეს თავის წილ პასუხისმგებლობას მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ჰქონდეს აქტიური პოზიცია და მიმართოს საკუთარი ენერგია და ენთუზიაზმი ნდობის აღდგენასა და ახალი კონფლიქტების არდაშვებაში.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოაზრეებს უფრო აქტურად ჩაერთონ მშვიდობისმყოფელ პროცესებში, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. სწორედ ახალ თაობას – ახალ ლიდერებს შეუძლიათ შეცვალონ სიტუაცია!", - ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






