25 ივლისს ზესტაფონში უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლე 19 წლის სალომე ჯორბენაძე ირინეს პარკში ტაბელური იარაღით მოკლა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ირინეს პარკში სალომე ყოფილ მეუღლეს ესაუბრებოდა, 5 გასროლის შემდეგ კი სალომე ჯორბენაძე ადგილზევე გარდაიცვალა. საცერაძე მკვლელობის ადგილს გაეცალა, თუმცა, მაშინვე მობრუნდა და პოლიციას ჩაბარდა.
გარდაცვლილის მშობლების განცხადებით, სალომე მეუღლეს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდა. შვილი მათ განქორწინებამდე შეეძინათ, ჯორბენაძემ თბილისში უნივერსიტეტში ჩააბარა, მშობლების განცხადებით, გათხოვებამდე სამოდელო კონკურსებში „მის იმერეთისა“ და „მის შარმის“ წოდებები ჰქონდა მოპოვებული. იგი მოდელობას მეუღლესთან განშორების შემდეგაც განაგრძობდა.
სალომეს მშობლების განცხადებით მას კონფლიქტები ყოფილ მეუღლესთან ხშირად ჰქონდა. ერთი კონფლიქტი მათი თქმით გასული წლის ზაფხულში მოხდა.
ფატიმა ჭელიშვილი, სალომე ჯორბენაძის დედა: სალომე ამაყობდა თავისი სხეულით, სურდა მოდელობას გაჰყოლოდა, ეს იყო დროებითი. გასული წლის ზაფხულში მოვიდა და მიაყენა დიდი შეურაცხყოფა. გალახა ჩემი შვილი, ჩემს სახლში, ადრეც ბევრჯერ ყოფილა ასეთი ფაქტი, ჩემმა შვილმა დარეკა პოლიციაში.
ჯორბენაძეების ოჯახის მეგობარი ზესტაფონში საზოგადოებრივი ადვოკატია. იგი იხესენებს, რომ სალომე დედასთან ერთად ერთი წლის წინ მასთან კონსულტაციისთვის მივიდნენ.
გელა ბერაძე: შარშან იყო ალბათ ზაფხული, როდესაც სალომე და ფატი იყვნენ მოსულები და მომიყვნენ, სერგი მოდის ხოლმე სახლში, გვემუქრებაო, არ გვინდა ეზოში შემოშვება და ძალით შემოდის ხოლმეო. როგორ მოვიქცეთო, მე ვურჩიე, რომ მიემართათ გენერალური ინსპექციისთვის, ანუ როდესაც სერგი მივიდოდა და ასეთი კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნდებოდა, დაერეკათ პოლიციაში. სამი დღის შემდეგ იყვნენ მოსულები და თქვეს, დავრეკეთ პოლიციაშიო. იყვნენ პოლიციიდან მოსულები, თუმცა ყურადღება ნაკლებად მიაქციესო.
ფატიმა ჭელიშვილი, სალომე ჯორბენაძის დედა: ეს ფაქტი ორჯერ ან სამჯერ განმეორდა, მოდის, საღამოა, მძინავს აქ და სალომე ნოუთბუქით ზის, მოდის სერგი საცერაძე, კარები გამიღეთ, თორემ აუცილებლად ვისვრიო. ეს ჩამწვდა ძილში, ვიღვიძებ, არის ზუსტად ღამის ორი საათი და სერგი საცერაძე შემოდის მთვრალი, ხელში იარაღი უჭირავს და ჩემი ქმარი ამ დროს სახლში არ არის.
გარდაცვლილის დედის თქმით, კიდევ ერთი კონფლიქტი მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა:
ფატიმა ჭელიშვილი, სალომე ჯორბენაძის დედა: ვუთხარი, სახლომემ უნდა ისწავლოს და კარიერა გაიკეთოს, შენთან ამას ვერ მიაღწევდა, მე ამას ვეუბნებოდი სერგის. ამბობდა, გამოდი სალომე აბაზანიდან, თორემ დედაშენს მოვკლავო.
დავით ხომერიკი, ბრალდებულის ადვოკატი: კონფლიქტი რომ იყო ვიცი, მაგრამ ფიზიკურ ძალადობაზე არაფერი ვიცი, ოფიციალურად მსგავსი რამ ჯერჯერობით საქმეში არ არის.
მოკლულის მშობლებიც და ბრალდებულის ადვოკატიც ადასტურებენ, რომ მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძემ შინაგანს აქმეთა სამინისტროში პოლიციელების ზედამხედველ გენინსპექციას ცხელ ხაზზე ტელეფონით მიმართა, რის შემდეგაც დაურეკეს და ქუთაისში გასაუბრებაზე დაიბარეს. სერგი საცერაძემ სალომე ჯორბენაძეს იმავე დღეს ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ ესროლა.
დავით ხომერიკი, ბრალდებულის ადვოკატი: ორი კვირით, თუ ოცი დღით ადრე დარეკა გენერალურ ინსპექციაში, ცხელ ხაზზე, რომ ასეთი სიტუაციააო, მაგრამ მას შემდეგ მხოდა მათი შერიგება, როგორც ვიცი და აღარ აპირებდა ჩივილს, მაგრამ რადგან შეტყობინება შესული იყო, გენერალური ინსპექცია ვალდებული იყო გადაემოწმებინა ჩვენების საფუძველზე, რატომ დარეკა, ამისთვის იბარებდნენ, მაგრამ ფხს ითრევდა რატომღაც სალომეც.
ფატიმა ჭელიშვილი, სალომე ჯორბენაძის დედა: იქ მაწერიებენ დედა რაღაცასო, იქ რა დაწერა იმდღეს ჩემმა შვილმა ეს არ ვიცი.
დავით ხომერიკი, ბრალდებულის ადვოკატი: ზუსტად ეს აინტერესებდა სერგის, გენერალურ ინსპექციაში რა მოხდაო, რა ჩვენება მისცა, ორმხრივი სურვილი იყო, შეთანხმებულები იყვნენ, რომ საღამოს ჩამოვიდოდა და ისაუბრებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, გენერალურ ინსპექციაში რაზე იყო საუბარი, ეს ჯერჯერობით ის მომენტია, რასაც ვიძიებთ.
ბრალდებულის ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს. სერგი საცერაძის დედამ „პოსტკრიპტუმს“ მისი შვილის სამსახურეობრივი წინსვლის დამადასტურებელი დოკუმენტი აჩვენა. რომლის მიხედვითაც, პოლიციის ლეიტენანტ სერგი საცერაძეს პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მიანიჭა.
ადამიანის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარზე სატანადო რეაგირება არ ყოფილა.
მომზადებულია „პოსტკრიპტუმის“ რეპორტაჟის მიხედვით
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






