2014 წლის 25 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ქ. ქუთაისში, არტ აკადემიისა და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებო, დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით პროექტი „მუსიკალური არდადეგები ქუთაისში“ მიმდინარეობს.
როგორც პროექტის ორგანიზატორებმა ,,ნიუპოსტს“ განუცხადეს, მისი მიზანია ერთმანეთს გააცნოს და დაახლოვოს ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლებიდან და სასწავლებლებიდან, გაუღვივოს მათ ჭეშმარიტი ხელოვნებისადმი სიყვარული და მისცეს სტიმული შემდგომში შემოქმედებითი მუშაობისათვის.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები მასტერკლასებს გადიან მსოფლიოში აღიარებულ პიანისტებთან და მუსიკოსებთან : ეკა მამალაძე , ნუკრი კაპანაძე , ნინო გვეტაძე და ირინე იაშვილი.
პროექტის მიმდინარეობისას ასევე ეწყობა ექსკურსიები, ინტელექტუალური თამაშები, იმართება ლექცია- შეხვედრები და კონცერტები. 2 აგვისტოს კი „მუსიკალური არდადეგები ქუთაისში“ კოსტიუმირებული მეჯლისით დაიხურება.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები