ქართული სიმღერებისა და ქართული ღვინის დაგემოვნებას ბერლინში მყოფები სულ რამდენიმე დღეში შეძლებენ. სტუმრები ქართული სუფრის ტრადიციასა და კულტურასაც გაეცნობიან და ბევრ საინტერესო ღონისძიებასაც იხილავენ. ამ ყოველივეს მიზეზი საქართველოს კულტურის დღეებია ბერლინში, რომელიც 31 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში გაიმართება.
როგორც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით გახდა ცნობილი სულ დაგეგმილია 11 ღონისძიება - გამოფენები, კონცერტები, კინო-ჩვენებები და მოხსენებები სხვადასხვა თემაზე.
31 ივლისს ქართული კულტურის დღეებს ბერლინში ანსამბლი „შინ“ გახსის, მოწვეულ საზოგადოებას მიესალმებიან: ბერლინის მუზეუმის დირექტორი ელიზაბეტ ტიტმაიერი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და
ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
დასასრულს გაიმართება ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
2 აგვისტოს საღამო აფხაზეთის კულტურას მიეძღვნება, წარმოდგენილი იქნება ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კლასიკური ნაწარმოებებისა და ჯაზ-კომპოზიციების თანხლებით. ბერლინში არსებული აფხაზური რესტორანი გამართავს აფხაზური კერძების დეგუსტაციას.
7 აგვისტოს დამსწრე საზოგადოებისთვის მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. მოწვეული სტუმრები ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ, ასევე წარმოდგენილი იქნება მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილის მიერ ბერლინში დამზადებული ქართული ქვევრები. საღამო ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.
9 აგვისტოს „ჯორჯიან სიმფონიეტა“ და დუდანა მაზმანიშვილი ერთობლივ კონცერტს გამართავენ. შესრულდება მოცარტის კონცერტი #12.
14 აგვისტოს დაგეგმილია გერმანელი მეცნიერის მანფრედ ნავროტის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს შეეხება.
16 აგვისტოს მოწვეული სტუმრები ქართული კულინარიის ისტორიის შესახებ რუსუდან გორგილაძის მიერ შექმნილ წიგნს გაეცნობიან. წინგნის სახელწოდებაა „კერძთაყვანისცემა“.
19 აგვისტოს ბერლინის კულტურათა მუზეუმი კავკასიის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ ღია დისკუსიას უმასპინძლებს და განიხილავს ახალგაზრდების როლს კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში. ღონისძიების ორგანიზატორის აღმოსავლეთევროპის კულტურული ფორუმი.
21 აგვისტოს გერმანელი ფოტოგრაფის როლფ შრადეს გამოფენა მოეწყობა, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მოხსენება სვანური ხატწერის შესახებ.
23 აგვისტოს გაიმართება შეხვედრა დასავლეთში მოღვაწე აღიარებულ ქართველ მწერლთან ნინო ხარატიშვილთან და მისივე ახალი რომანის პრეზენტაცია.
28 აგვისტოს მუზეუმი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ანსამბლის „სულიკოს“ კონცერტს უმასპინძლებს. გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრებიან.
30 აგვისტოს ქართული კულტურის დღეები ბერლინში აჭარის ფოლკლორული ანსალბლის კონცერტით დაიხურება. წარმოჩენილი იქნება ქართული სუფრის ტრადიცია და კულტურა.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
მასალის გამოყენების პირობები






