ფანტომური შიშები და სიძულვილი
საზოგადოება - 16:12, 28 Jul, 2014     1471
,,ერს ისე არაფერი რყვნის, როგორც სიძულვილის ჩვევა“ (ერთი...)

I. ქართული სიძულვილის უახლესი ისტორია

საბჭოთა სისტემა რეპრესიებსა და ტოტალურ კონტროლზე იყო დამყარებული. შედეგად, მონური შიში საბჭოთა ადამიანის ბუნების ძირითად თვისებად გადაიქცა. ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადოების ორგანიზების ერთადერთ ფორმას კოლექტივიზმი წარმოადგენს. კოლექტიური ფსიქოლოგია კი ასეთია: ,,ვინც ჩვენს დიქტატს არ ექვემდებარება – ის მტერია და უნდა განადგურდეს”. ასე შობს შიში კოლექტივში გამეფებულ საყოველთაო სიძულვილს. ასეთია დღევანდელი ზიზღისა თუ ბოღმის ფესვები – ასე ხდებოდა და დღესაც გრძელდება ერის სიძულვილით კონსოლიდირება.

ახლა ჩვენი უახლოესი წარსული გავიხსენოთ. ცხადია, ეს სიძულვილი დღეს არ დაწყებულა, რისთვისაც საკმარისია თუნდაც ,,ზვიადიტებად“ და ,,პუტჩისტებად“ ერთმანეთს დანასისხლად გადაკიდებული ქართველები გავიხსენოთ...

ამ მხრივ წინა ხელისუფლებამაც ,,ბევრი იღვაწა“. თუმცა, დასაწყისი მართლაც შთამბეჭდავი იყო: აჭარელი დიქტატორი, როგორც ფეოდალიზმის სიმბოლო, დაემხო, გარდაიქმნა პოლიცია, ქურდები კანონგარეშე აღმოჩდნენ, გატარდა განათლების რეფორმა და მისაღები გამოცდები კონკურენტული გახდა, საბჭოეთის ხოტბის შემსხმელი ძველი ელიტა საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველ თანამდებობებს ჩამოაშორეს, დაიწყო საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის აღმშენებლობა...

დროთა განმავლობაში, მმართველი გუნდის ხელდასხმით, ახალი ელიტაც ჩამოყალიბდა. შემდეგ ის მოძლიერდა და კვლავ ქართველი საბჭოელებისთვის უკვე ჩვეულ, ფეოდალური ბატონობის გზას დაადგა – გარდა უკრიტიკო და უკონკურენტო მდგომარეობისა, ,,ახალი ფეოდალები” კანონზე მაღლაც კი აღმოჩდნენ და ასე გააგრძელეს მშვიდი არსებობა. რევოლუცია კი მოხდა, ინსტიტუციონალური რეფორმებიც მეტნაკლები წარმატებით განხორციელდა, მაგრამ ადამიანთა მენტალობა არ შეცვლილა – ის კვლავ ძველი დარჩა, ამისთვის დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. ბატონ-ყმურ ურთიერთობებზე აღზრდილმა ახალგაზრდა რეფორმატორებმაც ოჯახურ ტრადიციებს არ უღალატეს და ისინი ახალ ფეოდალებად მოგვევლინენ.

ყოველივე დამთავრდა იმით, რომ გაამაყებულმა, გარეშე პირთათვის მიუწვდომელმა და ,,უცდომელმა“ ახალმა კლანებმა ჩაანაცვლა ძველი ,,ბატონები“. დროთა განმავლობაში განსხვავება ძველსა და ახალ ელიტას შორის ძირითადად გარეგნულ ნიშნებში გამოიხატა – ახლები ,,შმოტკებით“, ინგლისურის ცოდნით და მოწინავე იდეების ქადაგებით აშკარად სჯობდნენ ძველებს, თუმცა ეს იდეები, ხშირად, მხოლოდ სხვისთვის იყო დეკლარირებული, კლანები კი საკუთარი ტოტალიტარული სექტის კანონებით განაგრძობდნენ არსებობას. ასე დამყარდა მმართველი ელიტის ცოლების, ცოლების დაქალებისა თუ ძმაკაცების და სახელმწიფო ჩინოვნიკების ნათესავებისგან შემდგარი ახალი, ძალმომრეობისკენ მეტად მიდრეკილი სოციალური სისტემა.

დღეს ჩვენს შორის არაფერია საერთო – სრული გაუცხოება და აუტანლობა, ბარიერის ორივე მხარეს – 20-30 წლის ჩირქივით ჩაგუბებული, ჩამყაყებული ზიზღი.

II. ,,სიძულვილის ინსტიტუტის” გადაბარება

"ოცნების“ მოსვლიდან მეორე წელი ილევა. ,,პირველი რთული წელი“ დავძლიეთ, ჩვენ დაპირებული, ,,ბევრად უკეთესი შემდეგი წლების“ მოლოდინში ჩამოვხმით, მთავრობა კი კვლავ დაჭერებს ,,გვტენის“. იმაზე საუბარიც არ ღირს, რომ სიძულვილის ენა და მორიგი ,,ცხელი სეზონით“ მუქარა ყოველდღიურ ნორმად იქცა. ადრე შაბათ-კვირას მაინც გვასვენებდნენ, ახლა კი მოფუსფუსე, ცელქობისგან გაოფლილი პროკურორები ამ დღეებშიც არ ცხრებიან – თავდავიწყებით იჭერენ და აპატიმრებენ, წლების წინ ჩადენილი გადაცდენები მოულოდნელად, დღეს ახსენდებათ და ისევ აპატიმრებენ, იჭერენ, იჭერენ... ასე ჰქმნიან მჩქეფარე მოღვაწეობის ილუზიას მოწიფული ბიძიები და დეიდები...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ თვალს ვადევნებთ უცნაურ მოვლენას – ეს ხალხი, შენების მაგიერ, რომში შეჭრილი ვანდალებივით, ხიდებს, შენობებსა თუ ძეგლებს, ანუ ,,ქვებს“ ებრძვის. სრულიად ფანტასტიკური მოტივებით ხსნიან კარგა ხნის გადახვეწილი, ყოფილი პრეზიდენტის სახელის ხსენებითაც კი გამოწვეულ გულყრას. მათ დღესაც მსოფლიოში გახმაურებული პროცესების პროკურორები ჩამოჰყავთ და გრანდიოზული ,,ახალი ნიურნბერგის“ მოწყობის აკვიატებული იდეა არ ასვენებთ...

მაშ, რატომ ვერ ტკბება ჩვენი მმართველი ელიტა საკუთარი ტრიუმფით, ,,ხალხს“ ასე რატომ ,,სწყურია სისხლი“?

ზოგადად, მოწინააღმდეგის დამარცხებისა და პოლიტიკური წარმატების მიღწევის ორი გზა არსებობს:

პირველი – აღიარო, რომ მიზეზი შენშივე დევს და ამიტომ უნდა ისწავლო, ბევრი იღვაწო, ხალხის კეთილგანწყობა დაიმსახურო და ამ გზით მიაღწიო წარმატებას; ამბიციების ამგვარად დაკმაყოფილება სრულფასოვანი სიხარულისა და რეალური თვითდაჯერებულობის შეგრძნებას მოგანიჭებს, რადგან გამარჯვება შენი გარჯით დაიმსახურე.

მეორე – მიმართო მასების მდაბიო ინსტინქტებზე თამაშს, ,,შავი პიარით“ ,,ტვინების გამორეცხვას“, ინტრიგების ხლართვას და ამ გზით მოიგო; მოსყიდვითა და კომპრომატებით კონკურენტის განადგურებამ, მართლაც, შეიძლება წარმატება მოგიტნოს, მაგრამ ამ ხერხით სრულფასოვან დაკმაყოფილებას ვერ მიიღებ, რადგან იცი, რომ შენი ტრიუმფი დაუმსახურებელია. ასეთი გამარჯვება მხოლოდ ხანმოკლე სიხარულს მოგგვრის, რადგან გრძნობ, რომ ,,წაგებულს“ მაინც ვერ აჯობე – რეალურად ის კვლავ შენზე ძლიერია და ამიტომ თვითშეფასება ისევ დაბალი გრჩება.

იგივე ხდება დღესაც. ,,ოცნებისთვის“ არსებობდა ორი გზა, მიეღწია წარმატებისთვის – ან უნდა ეშენებინათ ეკონომიკა, შეექმნათ სამუშაო ადგილები და ამ გზით გაეუმჯობესებინათ მასების მდგომარეობა, ან უნდა აღედგინათ ,,სამართლიანობა“. პირველი მიმართულება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რთულია და შრომატევადი, ის არაპოპულარული რეფორმების გატარებას მოითხოვს. ყველა ვხედავთ, რომ ამ გზით სვლა ხელისუფლებამ არც იცის, არც უნდა და არც უცდია. მან მეორე, ადვილი, პოპულისტური გზა ამჯობინა – მოჩვენებითი დემოკრატია, რაც უმრავლესობის უმცირესობაზე დიქტატს, მასებისა და ქუჩის ტერორს გულისხმობს. ერთი მხრივ – ძალადობა, იგივე პოლიციის, მამაოების, ,,ძველი ბიჭების“ იში ადგილებზე და მეორე მხრივ – მთავრობის დემოკრატიული პოზა.

შედეგად, ,,ოცნების“ კლანების ,,რბილი“ დიქტატურა – აშკარად დაბალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ,,ელიტისა“ და ხელისუფლების უხმო შეთანხმება – მხოლოდ უინიციატივო თოჯინების წინ წამოწევა და გაბატონება. ყოველივე ამას ,,ნაგვის ზედაპირზე ამოტივტივების“ პროცესი ეწოდება.

III. შიშები, შიშები, გაუთავებელი შიშები...

მაშ, რაშია საქმე, რითი აიხსნება ჩვენში ყველა გაბატონებული მმართველი ელიტის ამგვარი აუხსნელი შიშები? შიშები, რომელიც ამდენი ხანია ვერ განიკურნა და ბოლოც არ უჩანს?

მაგალითისთვის, გავიხსენოთ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება: კვლავ ,,ცოცხალია“ ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტარების ნაწილიც მუდმივად ,,შენს“ მერყევ მდგომარეობას გახსენებს, თითქოს არც მათი მომხრეები იმალებიან, არც პოლიტიკურად არამოტივირებული საზოგადოება, თუ ფართო მასები ერიდებიან ღია კრიტიკას...

ცხადია, გრძნობენ რა კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის ზრდასა და საკუთარ ინტელექტუალურ ჩამორჩენას, ხელისუფალთ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი და ძალაუფლების დაკარგვის შიში ტანჯავთ. იციან რა საკუთარი წარმატების აბსურდამდე მისული არაბუნებრიობის შესახებ, ,,მეოცნებეები“ გამარჯვებული პოლიტიკოსის როლს ვერ ერგებიან და უფრო მეტად იბოღმებიან. ამიტომ არ ცხრება ,,გამარჯვებული ხალხის“ სიძულვილიც – ის ხომ ზემოდან ქვემოთ ვრცელდება.

მაშ ასე, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა მორიგ ბელადს, მის ,,თოჯინებსა“ თუ ,,ხალხს“ დაგამცირონ და როგორმე ლაფში ამოგსვარონ, ასე ჟღერს: მათ პიროვნული მნიშვნელოვნება და ყოვლისშემძლეობა სწყურიათ, მათ საკუთარი ძალაუფლებისა და აგრესიის რეალიზებით, არასრულფასოვნების კომპლექსის დემონის გამოკვება სურთ და ამ გზით თვითშეფასების აწევა.

ახლა კი შეგვიძლია საბოლოო დასკვნა გამოვიტანოთ: საკუთარი ამაღლების დროებითობისა და წარმავლობის შეგრძნებისგან გასათავისუფლებლად, ამ ადამიანებს რეპრესიები და ,,ცხელი სეზონები“ სჭირდებათ. სწორედ მათი სკამის გამყარებას ემსახურება ბრბოს სიძულვილის ,,სისხლიანი“ მითებით კვება. ყოველივე ეს კი მათი შიშების, დაბალი თვითშეფასებისა და მისგან შობილი ზიზღის ანარეკლია. ერთი სიტყვით – ამ ,,მოღვაწეებს“ სიძულვილით დაკმაყოფილება, გაძღომა სწყურიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ნათქვამი მეტნაკლებად ყველა წინა ხელისუფლებას ეხება, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, არა წარსული, არამედ დღევანდელი დღე და მომავალი გვაწუხებს.

IV. რამდენად მიღწევადია ზიზღის მეშვეობით ,,ორგაზმი“?

მაშ ასე, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ბოღმა და აგრესია? რა შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლება დაკმაყოფილდეს?

"მე“ ,,შენი“ გინებითა და დაშინებით ვერ ვძღები იმ დრომდე, სანამ რაღაცას მაინც წარმოადგენ და, საერთოდ, მაინც ,,სუნთქავ“. ,,მე“ მხოლოდ მაშინ შეიძლება სიძულვილმა მიკლოს, როდესაც საბოლოოდ განადგურებულს, გამათხოვრებულს გნახავ. ამის გამო, ასეთ ადამიანებს მხოლოდ გასაცოდავებულის, დაცემულის სიყვარული ძალუძთ. თუ უფრო დავკონკრეტდებით და ამჟამინდელ ვითარებას განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ბელადს ,,სააკაშვილის თავი“ სჭირდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში განიკურნება ის და ხელისუფლება აკვიტებული შიშებისგან. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ესეც დროებითი სალბუნი იქნება, რადგან აუცილებლად იარსებებს სხვა უკეთესის, ,,შენზე“ ძლიერის გამოჩენის პერსპექტივა. ამ უდაო ჭეშმარიტებიდან კი ასევე შეუვალი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ – ბელადის და ხელისუფლებაში მოსული ძალის შიშების მიზეზი უკვდავია!.. ფანტომი ხომ წარმოსახვაში მყოფი არარსებულის შიშია – ამიტომაა ის უკვდავი...

V. გამოსავალის ძიებაში

დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რა დაუოკებელი აგრესია იღვრება ტელევიზორებიდან თუ სოციალური ქსელებიდან. ერთი შეხედვით, ასეთია ,,საზოგადოებრივი დაკვეთაც“. თუმცაღა ცხადია, რომ ,,ხალხის“ მოთხოვნებს ბელადისა და ,,თოჯინების“ მიერ ნაქადაგები სიძულვილი უსწრებს, როგორც აღვნიშნეთ – ზიზღი ზემოდან ქვემოთ იღვრება.

ქართველების ერთ მორჩილ ჯოგში შეყრა არ მოხერხდა. მოიგეს და ვერ გაგანადგურეს, ვერც კოლექტივში ვერ გაგაერთიანეს... ამის გამო უნდათ ,,მოგკლან“ და მერე შეგიცოდონ – შენ ხომ სარკე ხარ, რომელიც საკუთარ ნაკლულობას მუდამ ახსენებს და ამიტომ ის უნდა დაიმსხვრეს. ჯერ ,,დიადი მომავლის“ მხოლოდ დასაწყისია და შეჩერების დრო ჯერ კიდევ არის...

ბატონებო, ტოტალიტარულო ბიძიებო და დეიდებო, მოუსვენარო და ცელქობისგან გაოფლილო პროკურორებო, მოსახლეობის 70% არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და შესაბამისად, ჯერ კიდევ პოლიტიკურად პასიურია. ასე რომ, თქვენი ფანტომური შიშები მთლად წარმოსახვითიც არ უნდა იყოს – ფანტომი დროთა განმავლობაში, მით უფრო დაჭერებისა და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, აუცილებლად ხორცს შეისხამს და გაძლიერდება. თუ არ გაჩერდებით, თქვენც იგივე აგრესიას მოიმკით, რაც წინა ხელისუფლებებმა, მით უფრო, რომ თქვენივე ხელდასხმით, არჩევნების წაგება საქართველოში კვლავ სიკვიდლის ტოლფასი გახდა!

და მთავარი! ჩვენ პირი ერთიმეორეს გინებით აგვევსო. ათეულობით წლებია, ჩვენი საზოგადოება შურით, ზიზღითა და აუტანლობით სულდგმულობს. თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ საზოგადოებრივი განწყობა, თუ არ ავიღეთ გეზი არა მეტოქის განადგურებაზე, არამედ ახლის შენებასა და წინსვლაზე, ჩვენი, თუნდაც თავდადებული შრომა კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს. ჩვენ დღესაც ბოღმით გადამწვარ მიწასა და შურით მოწამლულ ნიადაგში ვთესავთ. ასე არაფერი სასიკეთო არ გამოგვივა...


ზურა ოდილავაძე. 2014 წლის ,,ცხელი ზაფხული“

წყარო: ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი ,,iveria.biz“.

მასალა გამოქვეყნებულია ,,iveria.biz“-ის ნებართვით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42