ჩემი ცხოვრების დაახოლებით 10 წელი გავატარე მოსკოვში, ჯერ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში (1982-1985) შემდეგ კი შვეიცარული კომპანია სერონოს (Serono international) მოსკოვის წარმომადგენლობის მუშაობისას (1992-1998). უამრავი ნაცნობი თუ მეგობარი მყავს რუსეთში, როგორც ეთნიკური რუსები, ასევე იქ მცხოვრები ქართველები და სხვა ნაციონალობის ხალხი. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ გადავაფასე. დღეს ვფიქრობ რომ რუსეთის სახელმწიფო საქართველოს მტერი არის, რომელმაც ქართული ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, საკუთარი სახლებიდან აყარა და გამოაძევა ასობით ათასი ქართველი და ეთნოწმენდა ჩაატარა როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში (ქართული სოფლები გადაწვით და ზედ მარილი მოაყარეთ რომ არაფერმა იხაროს - იყო ერთი რუსი მეთაურის ბრძანება 2008 წელს). რუსეთმა ეს პროცესი დაიწყო 90-იან წლებში და “დააგვირგვინა” 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით.
2010 წელს, რონ ასმუსის წიგნის “მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” პრეზენტაციისას ავტორს ასეთი კითხვა დავუსვი - რას ურჩევდით საქართველოს, როგორი უნდა იყოს სტრატეგია რუსეთის მიმართ ? ასმუსმა მიპასუხა - “დაივიწყეთ რუსეთი, ჩათვალეთ რომ არ არსებობს” (Ignore Russia, forget it’s existence).
ეს რჩევა ძალიან სწორად და გამართლებულად მიმაჩნია.
გადავხედოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ძირითად მომენტებს.
- საქართველოსთან შედარებით რუსეთი ყოველთვის იყო და დღემდე არის გაცილებით დიდი და ძლიერი, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთი არა მარტი ოკუპანტი, არამედ ისტორიულად საქართველოს კოლონიზატორი ქვეყანაა, რომელმაც ცარიზმის ეპოქაში ჯერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა, შემდეგ სამეგრელო და საქართველოს მთიანეთი დაიპყრო. საბოლოოდ კი თბილისის გუბერნიად აქცია ყველა ის ტერიტორიები, რომლებიც ქართველებით იყო დასახლებული.
რუსეთის იმპერია საქართველოს “ექცეოდა” ისე, როგორც სხვა კოლონიზატორები ექცეოდნენ თავიანთ კოლონიებს. ისევე, როგორც სხვა კოლონიზატორებს, რუსეთის იმპერიასაც ჰქონდა მცდელობა რომ შეეცვალა (ან წაეშალა) ქართული იდენტობა, რომელმაც ათეული საუკუნეების მანძილზე უამრავ გამოწვევას გაუძლო და მე-19 საუკუნემდე მოაღწია. ამისთვის კი საჭირო იყო “კულტურულ-ისტორიული ფესვების” მოკვეთა და მენტალობის შეცვლა. ეს ფესვები კი ძირითადად სამი იყო - ენა, ტრადიციები და სარწმუნოება
რუსეთის კოლონიალური რეჟიმი ქართულ ენას “ძაღლის ენას” უწოდებდა. აიკრძალა როგორც სწავლა ქართულ ენაზე, ასევე ღვთისმსახურება და საქმეთა წარმოება.
აკრძალული იყო ტრადიციული ქართული დღესასწაულები, თუ რიტუალური შეკრებები. რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მასზე თორმეტი საუკუნით “უფროსი” ქართული ქრისტიანული ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს შეუერთა,
ხოლო ქართული ქრისტიანობა ჩაანაცვლა რუსული “მართლმადიდებლობით” (Православие). ქართული ეკლესიის მმართველად კი ექსარხოსებს ნიშნავდა პეტერბურგიდან.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის და რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველო ისევ დაიპყრო. ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულის დასახელება “თბილისის და ქუთაისი გუბერნიები” შეცვალა სახელწოდებით “ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა”. მართვის სისტემა კი იგივე დარჩა, რაც იმპერიის დროს - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკითვის მნიშვნელოვან ყველა გადაწყვეტილებას იღებდა რუსეთის/სსრკ მთავრობა, რომელმაც პეტერბურგიდან მოსკოვში გადაინაცვლა.
სსრკ მთავრობასაც ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ ქართული ენა რუსულით ჩაენაცვლებინა, რადგან ენა არის არა მარტო ერის იდენტობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი, არამედ კომუნიკაციის უნივერსალური საშუალება, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანის აზროვნების და ქცევის ჩამოყალიბება და მართვა. საბჭოთა სისტემას კი ახალი ერის შექმნა ჰქონდა მიზნად დასახული, სპეციფიური აზროვნებითა და ქცევით, რომლის “მშობლიური ენა” რუსული იქნებოდა , სახელად საბჭოთა ადამიანი (Советский Человек).
ქართველი ხალხი მედგრად შეებრძოლა სსრკ იდეოლოგიის ამ მცდელობას და ქართული ენა დაიცვა, მაგრამ “საბჭოთა ადამიანის” შექმნაში სსრკ/რუსეთმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
კოლონიზაციის ეს სტრატეგია არ იყო რუსეთის “მოგონილი”. ეს მეთოდები, სხვადასხვა ინტენსიობით და დროის სხვადასხვა მონაკვეთში, გამოიყენებოდა ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის და ა.შ. მიერ.
ყოველივე ზემოთქმულიდან მე მგონი გასაგებია, რომ ენა ძალიან ძლიერი და ქმედითი “იარაღია”. ერთის მხრივ უზარმაზრი მნიშვნელობა აქვს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნებისთვის, მეორეს მხრივ ქმედითი საშუალებაა ნაციონალური იდენტობის შესაცვლელად. გააჩნია ვინ როგორ იყენებს ენას. დღეს რუსული ენა არის რუსული სამხედრო აგრესიის “გაგრძელება”, პროპაგანდის ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ქართველებისთვის ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ რუსული პროპაგანდის არხები (პირველ რიგში ტელევიზია) უნდა აიკრძალოს, ხოლო რუსული ენა ჩანაცვლდეს საერთაშორისო ენით - ინგლისურით.
ვინმემ შეიძლება იკითხოს: არც ინდონეზიაშია ჰოლანდიური ტელეარხები აკრძალული, და არც ტუნისსა თუ მაროკოში ფრანგული, ჩვენ რატომ უნდა შევზღუდოთ რუსული ენა ?
საქმე ის არის, რომ რუსეთისგან განსხვავებით ჰოლანდიაცა და საფრანგეთის დემოკრატიული სახელმწიფოებია, არც ერთი მათგანი იმყოფება ომის მდგომარეობაში ყოფილ კოლონიებთან და რაც ყველაზე მთავარია, არცერთი “ყოფილი კოლონიზატორი” არ აპირებს ყოფილ კოლონიებზე გავლენის დაბრუნებას. განსხვავებით რუსეთისგან, რომლის “რუსული მიწების შემოკრება” (Собирание Русских Земель) სხვა არაფერია თუ არა ყოფილი კოლონიების დაბრუნება, ან როგორც მინიმუმ - რუსეთის გავლენის აღდგენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რუსული პროპაგანდა. ეს აკრძალვა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი არ გახდება დემოკრატიულ ქვეყანა, ხელს არ აიღებს იმპერიალისტურ ზრახვებზე და ყოფილ კოლონიებზე თავისი გავლენის აღდგენის მცდელობაზე.
უკვე მესმის ოპონენტების შემდეგი კითხვა - აბა “დასტაევსკი”, ტოლსტოი, ჩეხოვი?
არავინ ამბობს რომ რუსი კლასიკოსების წინგები უნდა , ან “დაიწვას”. ვისაც სურვილი ექნება მოიძიებს კიდევაც და წაიკითხავს. საბედნიეროდ მსოფლიო არ იწყება და არ მთავრდება რუსეთით. საბჭოთა კავშირის (და სოციალისტური ბანაკის) გარეთ არავინ არ იზუთხავდა პუშკინის, თუ ლერმონტოვის პოეზიას, არც თემებს წერდნენ ჩეხოვის, თუ ტოლსტოის ნაწარმოებების გმირებზე და რა? ვერ განვითარდნენ? “ნაკლებად დემოკრატიულები” არიან ? მოაზროვნეები და ფილოსოფოსები აკლიათ?
ყოველი კოლონიზატორის მიზანია საკუთარი კულტურის განდიდება, მის ერთადერთ და საუკეთესოდ წარმოჩენა. ზუსტად ამ იდეოლოგიის მსხვერპლია ყველა ის, ვინ თვლის რომ ერთადერთი ღირებული მწერლობა - ეს რუსული მწერლობაა, ღირებული მუსიკა - რუსული მუსიკა და ა.შ. უბედურება ის არის, რომ ამ ხალხმა არ იცის “არარუსული” არც ლიტერატურა და არც მუსიკა. არ წაუკითხავთ დედანში არც სერვანტესი, არც დანტე და არც ვოლტერი.
საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ფილოსოფიის, ლიტერატურის, მუსიკის, ზოგადად ხელოვნების შედევრები, რომლებსაც რუსები “გვიმალავდნენ”, რათა მიჯაჭვულები ვყოფილიყავით “რუსულზე” და რუსულის “იქით” ვერაფერი წარმოგვედგინა. ამიტომ საჭიროა მსოფლმხედველობის არეალის გაფართოება და გამდიდრება. სასწავლო პროგრამებში რუს კლასიკოსებს იგივე დრო და საათები უნდა ეთმობოდეს, რამდენიც ესპანელ, ფრანგ თუ იტალიელ კლასიკოსებს.
კიდევ ერთი პოპულარული “არგუმენტი”
რუსეთთან კულტურულ-ენობრივი ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს !
თუ 2006-2012 წლებში რუსული ბაზარი “ჩაკეტილი” იყო და მნიშვნელოვანი საქონელბრუნვა არ არსებობდა, ხოლო ქართული ეკონომიკა იყო მზარდი , რატომ არ შეიძლება რომ იგივე პროცესი გაგრძელდეს? რა გვიშლის ხელს რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ, მითუმეტეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ? (ის ზღაპრები რომ 2004-2012 წლებში ეკონომიკა კი იყო მზარდი, მაგრამ ეს ზრდა იყო “არაჯანსაღი” , მე მგონი სერიოზულად არ უნდა განიხილებოდეს). სწორედ ამიტომ არის საშიში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, რომ ვაჭრობის შეწყვეტის შემთხვევაში, ეკონომიკა არ დაზარალდეს.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მცდელობა რომ სამხედრო ძალით აღედგინა გავლენა საქართველოზე, მარცხით დამთავრდა. ეს დამარცხება ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა - ქართველი მეომრების სიმამაცემ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერამ. რუსებმა ამ მარცხის საპირწონედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა ცნეს. მიუხედავად მარცხისა, რუსეთის მიერ “მიწების შემოკრების” პოლიტიკა არ შეწყვეტილა და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის აგრესია უკრაინაზე და ყირიმის “მიტაცება”. რუსეთი სხვადასხვა დროსა და პირობებში იყენებს როგორც სამხედრო აგრესიას, ასევე “რბილ ძალას”.
ბევრს არ ესმის “რბილი ძალის” მნიშვნელობა, რა როლი აქვს ამ ძალას “მენტალური ოკუპაციის” განხორციელებაში. ეს ტერმინი “Soft Power” ჰარვარდის პროფესორს ჯოზეფ ნის ( Jozeph Nye) ეკუთვნის. აი როგორ აღწერს ჯოზეფ ნი “რბილ ძალას” თავის მონოგრაფიაში: “რბილი ძალა - მსოფლიო პოლიტიკაში წარმატების მიღწევის საშუალება” (Soft Power - The means to success in world politics).
პოლიტიკაში ზეგავლენის მისაღწევად სამი საშაუალება გამოიყენება
დაშინება/იძულება
მოსყიდვა/შანტაჟი
მოხიბლვა/თავის მოწონება
პირველი ორი მიეკუთვნება ხისტ ძალას (Hard Power). ხოლო ბოლო არის “რბილი ძალა” (Soft power)
რბილი ძალის მიზანია, რომ სამიზნე ქვეყანას მოუნდეს თანამშრომლობა და მოკავშირეობა ისეთი მიზეზების გამო როგორებიცაა სახელმწიფო მოწყობის მოდელი, დემოკრატიის ხარისხი, სოციალური დაცულობა, საგარეო პოლიტიკის მიღწევები, კულტურის დონე, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები, მოსახლეობის ცხოვრების დონე და ა.შ. ამიტომ საჭიროა ამ არგუმენტების პოპულარიზაცია და კომუნიკაცია. კომუნიკაციისთვის გამოიყენება როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.
მოდით ჯოზეფ ნის პრიზმიდან განვიხილოთ საქართველოს სიტუაცია. დღეს საქართველოში ორი მსოფლმხედველობის ინტერესები იკვეთება - ავტოკრატული, ეკონომიკურად ჩამორჩენილი რუსეთის და დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული დასავლეთის.
რუსეთმა ერთხელ უკვე იხმარა “‘ხისტი ძალა” საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია. რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა იმისთვს, რომ დაიბრუნოს სრული გავლენა საქართველოზე?
1. “ხისტი ძალა” - განახორციელოს კიდევ ერთი მცდელობა . ეს შეიძლება იყოს იძულება სამხედრო გზით; ან მოსყიდვა, მაგალითად გაკოტრებული ქვეყნისთვის ფულის შეთავაზება, ან ეკონომიკური შანტაჟი - სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის მუქარა
2. “რბილ ძალა” - აქ პრობლემებია, რადგან არც რუსეთის სახელმწიფო მოწყობის მოდელი, არც ეკონომიკის განვითარების დონე, არც დემოკრატიის ხარისხი და არც სხვა არგუმენტები არ არიან მაცდუნებლები, მომხიბვლელნი. ერთადერთი რის “შემოთავაზება” ძალუძს რუსეთს - მართლმადიდებლური ფასეულობებია.
სამხედრო ინტერვენციის ალბათობა, ალბათ, უფრო დაბალია, ვიდრე მოსყიდვის ან შანტაჟისა, რადგან მოსყიდვა და/ან შანტაჟი რუსეთის ბიუჯეტს უფრო “იაფი” დაუჯდბა, ვიდრე სამხედრო აგრესია.(არადა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თითქოს ორივე სცენარისთვის “ამზადებს” ქვეყანას - ასუსტებს შეიარაღებულ ძალებს, ზრდის ვაჭრობას რუსეთთან, ეკონომიკა კი რეცესიისკენ მიჰყავს) თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, არც სამხედრო ინტერვენციაა გამორიცხული. რუსეთის ხელშეწყობით დღეს ჯავახეთში აქტიურად “თუხთუხებს” სეპარატიზმი, საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრე ზოლში არ ჩერდება პროვოკაციები, “მცოცავი ოკუპაცია”. ამიტომ არ არის გამორიცხული “დიდი პროვოკაცია”, რომელიც შეიძლება სრულმაშტაბიან ომში გადაიზარდოს. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება ამ რისკებს ვერ აცნობიერებს.
რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთი დღემდე საქართველოს მიმართ “რბილ ძალას” იყენებს, რადგან დასავლეთს გააჩნია ის, რაც წესით საქართველოსთვის “მომხიბვლელი” უნდა იყოს - დემოკრატია, სოციალური დაცულობა, მზარდი და ეფექტური ეკონომიკა, ცხოვრების მაღალი დონე და ა.შ.
მაშ რატომ აგებს დასავლეთი? (ის რომ დასავლეთი აგებს და პრორუსული განწყობა იზრდება მე მგონი საკამათო არ არის და ეს ბოლო არჩევნებმაც აჩვენა)
ერთი იმიტომ, რომ დასავლეთს არ აქვს ქართველებთან კომუნიკაციის საშუალება - ენა, რაც აქვს რუსეთს.
მეორე ის რომ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის “დათბობის” პოლიტიკას მოჰყვა ახალი პრორუსული (არასამთავრობო) ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მეხუთე კოლონის გააქტიურება. რის შედეგადაც გააქტიურდა ანტი-დასავლური და პრორუსული პროპაგანდა
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი - საქართველოს მოსახლეობამ არ იცის რა არის დასავლური ცხოვრების წესი, რა არის დემოკრატია, არ იცნობს დასავლეთის თანამედროვე კულტურას, ხელოვნებას, სამეცნიერო მიღწევებს . მაგალითად აშშ-ს ცხოვრებაზე ბევრი ქართველი ამერიკული კონოფილმებით მსჯელობს და ეს ჰგონიათ ამერიკელების ცხოვრების წესი.
ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენას საქართველოს მოსახლეობის, ალბათ, მაქსიმუმ 5% ფლობს იმ დონეზე, რომ გაზეთის სტატიიდან, ან სატელევიზიო გადაცემიდან აზრი გამოიტანოს, მაშინ ,როდესაც რუსული ესმის და კითხულობს მოსახლეობის >75%. ამას დუმატეთ ის აღვირახსნილი პროპაგანდა და ტყუილები, რომლითაც რუსული მედია “კვებავს” მომხმარებელს და მიიღებთ იმ სურთს რაც გვაქვს.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რუსული ტელეარხების აკრძალვა და ინგლისური ენის ინტენსიური სწავლის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანა.
აუცილებელია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს რა არის ნამდვილი (და არა ტრენინგებზე ნასწავლი) დემოკრატია, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი, კონკურენცია და ა.შ. უნდა შეიზღუდოს ყველაფერი რუსულის პოპულარიზაცია, რადგან რუსეთი ყველა არხს იყენებს პროპაგანდისათვის.
10000 მასწვლებლის პროგრამა კი არ უნდა დაიხუროს, კიდევ უნდა გაფარდოვდეს, ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვებები და შემეცნებითი პროგრამები უნდა ითარგმნებოდეს და სატელევიზიო ეთერში გადიოდეს. ინგლისური ენის სწავლება სკოლაში მე-2 ან მე-3 წლიდან უნდა იწყებოდეს, როგორც აუცილებელი საგანი. უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აუცილებელი უნდა იყოს ინგლისური ენის ცოდნა. რადგან ტექნიკური და საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტებისთვის ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი, რომ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და თანამედროვე სახელმძღვანელოები ინგლისურენოვანია (თანამედროვე
ტექნოლოგიებში რუსეთი რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს).
რაც შეეხება ჰუმანიტარულ დარგებს - საჭიროა, რომ საერთაშორისო პროფესიულ პრესაში ქვეყნდებოდეს ქართველი ავტორების სტატიები საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურაზე, კულტურაზე. ქართველი მწერლების ნაწარმოებები ითარგმნებოდეს მსოფლიოსთვის გასაგებ ენებზე.
საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთიდან დაფინანსებული და/ან პრორუსული ორგანიზაციების რეგისტრაციების გაუქმებას და აკრძალვას. ოკუპანტის “რბილი ძალა” მის ინტერესებს ემსახურება და არა ოკუპირებული ქვეყნისას.
ამას უნდა აკეთებდეს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ დღევანდელ მთავრობას ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები არ ესმის. ამიტომაც აჩერებს იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს (10000 მასწავლებლის პროექტი, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება და ა.შ.)
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დამკვირვებლის პოზიციიდან თვალით ვადევნოთ უკრაინისა და მთელი პროგრესული სამყაროს დაპირისპირებას რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებთან იმ იმედით, რომ პროგრესული სამყარო გაიმარჯვებს, საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის “შუაშიტსურ” პოზიციას და პროგრესისა და დასავლეთთან ინტეგრაციის რეალურ გზას დაადგება.
გიორგი კავკასიძე
ანალიტიკური ინტერნეტ გაზეთი ,,iveria.biz"
მასალის გამოყენების პირობები






