„დღეს, როცა ადამიანებს მარტოობის განცდა აქვთ, აღარ ესმით ერთმანეთის, იკარგება ფასეულობები, ტრადიციები და იცვლება ღირებულებები, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი და ის ხელოვნებაშია“ - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი ვახტანგ ბერიძე.
სწორედ მისივე ინიციატივით იმართება ზემო აჭარაში ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული. ამ პროექტის ფარგლებში ზემო აჭარას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ხელოვანი სტუმრობს. მესხეთის თეატრიც ამ მიზნით ეწვია აჭარას. შუახევსა და ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე დათო ტურაშვილის "დოდოს მოლოდინი" გათამაშდა. სპექტაკლის რეჟისორი, როგორც აჭარაში ამბობენ შუახელების საამაყო შვილი ვახტანგ ბერიძე გახლავთ. მესხეთის თეატრის მსახიობებთან ერთად კი სპექტაქკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ხულოს დრამატული თეატრის მსახიობი რამაზ ბოლქვაძეა.

ვახტანგ ბერიძე: „ეს პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ამისთვის დიდი მადლობა მათ. ჩვენ, დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიყვარული და ერთმანეთის დაფასება. ხელოვნების კვირეულიც ამ იდეას ემსახურება“.
ლია სულუაშვილი, დოდოს როლის შემსრულებელი: „მაშინ როდესაც საქართველოს უმეტესობა უცხოეთშია ოჯახებისა და თავისი ახლობლების გადასარჩენად ეს თემა ძალიან აქტუალურია, ჩვენ დათო ტურაშვილმა როდესაც მოგვცა ეს პიესა თქვა - მე შევეცადე რეალური სურათი დამეხატაო. ჩვენც ეს რეალობა აქ მყოფ ქართველებს ვაჩვენეთ“.
გიორგი თავამაიშვილი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი: „ძალიან ვისიამოვნე სპექტაკლით. მსახიობების მონდომება და ნიჭიერება იმის საფუძველს მაძლევს რომ ვთქვა - ამ თეატრს ძალიან ლამაზი მომავალი აქვს. არის საკმაოდ პროფესიონალი დასი. რეჟისურაც ორიგინალური. ჩვენი დახმარებით კი თეატრს მიეცემა საშუალება რომ მცირე გასტროლები მოაწყოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“.



მასალის გამოყენების პირობები






