როგორც ცნობილია, მთავრობა იღებს ვალდებულებას ენერგოეფექტურობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა ევროკავშირის 2010/31/EU რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდეს. კანონპროექტში #104 მუხლის (შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტურობა) შენობა-ნაგებობის შემომზღუდავი კონსტრუქციები და მისი ორიენტაცია, ასევე, მასში განთავსებული აღჭურვილობა-დანადგარები, რომელიც განკუთვნილია გათბობის, კონდიცირების, განათების, ვენტილაციის და თბოიზოლაციისათვის, უნდა ხასიათდებოდეს ისეთი თავისებურებით, რომ ერთობლიობაში მოხმარებულმა მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯი ნახოს.
ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა ქართულ ბაზარზე მოქმედი დეველოპერი თუ სამშენებლო კომპანიებისთვის კომერციული თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანია. მსგავსი ტექნოლოგიით აშენებულ უძრავი ქონებაზე ფასი მატულობს და შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან არ არის მაღალი დაინტერესება. თუმცა რამდენიმე ობიექტი თბილისში, მაგალითად „არქი ჯგუფის“, „ემ კვადრატის“ პროექტები და ახალი უბანი - დირსი უკვე შენდება ენერგომზოგავი მექანიზმებით.
„არქი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მოხმარებული ენერგიის დაზოგვა სხვადასხვა საშუალებით მიიღწევა. გარკვეული მარკეტინგული გათვლების შემდეგ, „არქი ჯგუფმა" მშენებარე სახლებში Ytong-ის ბლოკის გამოყენება დაიწყო. ჩვეულებრივი ბეტონის სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 7-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს.
ახალი საცხოვრებელი უბანი - დირსი მშენებლობისათვის ძვირადღირებულ - თბოიზოლაციურ სისტემას იყენებს. ამ მეთოდის საშუალებით, ფასადები თბოსაიზოლაციო მასალით იფარება. დირსის შემთხვევაში გამოიყენება 7 სმ. სისქის XPS (თბოიზოლაციური ფენა), რომლის სიმკვრივეც 1 კუბზე 20 კილოგრამია. ამის შემდეგ კორპუსი სპეციალური სალესითა და საღებავით იფარება. საერთო ჯამში კი, აღნიშნული ტექნოლოგია ამცირებს შენობის თბოდანაკარგს და ამარტივებს მის გათბობას ზამთარში, გაგრილებას კი, ზაფხულში. გარდა დათბუნებული კედლებისა, დირსის კორპუსები იფარება ჰიდრო და ხმაგაუმტარი ფენებით. სახლების იატაკში დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ბინა მყუდრო, თბილი და ტენიანობისაგან დაცული იქნება.
„m² უძრავი ქონება" სახლებში ენერგოეფექტურობის მიღწევას ენერგო კომპონენტების - დათბუნებული კედლების, ორმაგი მინა-პაკეტის ფანჯრებისა და დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურების გამოყენების შედეგად აპირებს.
მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სპეციალური ღონისძიებების გატარებას გეგმავს, რათა ენერგოეფექტურობის ნორმები ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიაში მოიყვანს. სწორედ ამ ღონისძიებების ფარგლებში, ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი პასპორტი ისეთ შენობა-ნაგებობზე გაიცემა, რომელიც მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
მასალის გამოყენების პირობები






