საქართველოში საწვავის ფასის საკითხი სადაო თემად იქცა. გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით - „საწვავი არჩევნების შემდეგ სასწრაფოდ გააძვირეს“:
„არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საწვავი ისევ გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენციაა და ეს პროცესი ბოლო 2 კვირაა გრძელდება, ქართველ იმპორტიორებს არაფერი უშლით ხელს, ფასები საკუთარი სურვილით დააწესონ.
უცხოურ ბაზრებზე საწვავმა, გაძვირების ნაცვლად, გაიაფებისკენ აიღო გეზი, ხოლო საქართველოში საცალო ფასმა მოულოდნელად ზრდა განაგრძო.
22 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირებულია. 8 ივლისიდან მოყოლებული იკლებს „პლატსის“ ნიხრიც, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოში ნავთობპროდუქტების საცალო ფასი. მაგალითად 7 ივლისს 1 ტონა ბენზინის ღირებულება შეადგენდა 1033, 25 დოლარს, 21 ივლისის მდგომარეობით კი 980 დოლარს არ აღემატებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბენზინის ღირებულება მცირდებოდა და საბოლოოდ, 990 დოლარის ნიშნულზე დაბალანსდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ ეტაპზე „სოკარის“ ქსელში 1 ლიტრი „სუპერი“ 2.35 ლარი ღირს, „პრემიუმი“ – 2.26 ლარი, „ევრორეგულარი“ – 2.18 ლარი. ევროდიზელის ფასი 2.30 ლარს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანული დიზელისა კი - 2,12 ლარს.
დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა „რომპეტროლშიც“: „ევრორეგულარი“ – 2.14 ლარი, „პრემიერი“ – 2,24 ლარი, „სუპერი“ – 2.35 ლარი, „ევროდიზელი“ – 2.17 ლარი.
„გალფის“ ავტოგასამართ ქსელში კი ასეთი ფასებია: „ევრორეგულარი“, - 2.15 ლარი, „პრემიერი“ – 2.23 ლარი, „სუპერი“ – 2.32 ლარი, „ევროდიზელი“ – 2.28 ლარი, დიზელი - 2.16 ლარი“, - წერს რედაქცია.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






