- არა. მე ლოცვის სიტყვებს: '' უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე.. . . უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე....'' - გონებაში განუწყვეტლივ, მათზე სრული დაკვირვებით, წმიდად ვიმეორებ და ვუღრმავდები.
-მამაო, ეს არასწორია, ხიბლია! ეს გონებით კი არა, გულით უნდა გააკეთო, ამიტომაც ქვია მას ''გულისმიერი ლოცვა''.
-მოიცა, მოიცა! აი, მე რას გეტყვი: ხანდახან, როცა დიდი განსაცდელი მქონდა, გონებაში წარმოვიდგენდი მაცხოვრის ხატს, სადაც უფალი გამოსახული იყო ჯვარცმული, ხელებიდან სისხლი სდიოდა, თავი ეკლის გვირგვინისგან იარებით ჰქონდა დასერილი. მე, მის წინაშე მუხლმოყრილი, შევღაღადებდი : ''უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე!
-და ეს ყველაფერი განა გულში არ იყო?
- არა! - ვუპასუხე მას.
- შენ ხიბლში ხარ, - მითხრა მან, - გონება გულში უნდა იყოს ჩაკეტილი, მიტომაც ქვია მას ''გულისმიერი ლოცვა''. ეს კი ხიბლია! მან უკვე წასვლა გადაწყვიტა.
- მამაო, მომისმინე, რას გეტყვი! - ლოცვას ვიწყებ ლოცვის სიტყვებზე გონებრივი კონცენტრაციით, მას გონებაში აღვავლენ. ამ დროს სიხარული იბადება, ძლიერდება და ვგრძნობ, როგორ ნეტარებს ჩემი გონება. სიხარული გონებიდან უშუალოდ გადაინაცვლებს გულში და იქაც იგივე ხდება, რაც გონებაში. ლოცვა თავად შედის გულში სიხარულთან ერთად.
_ აა, დიახ, სწორედ ასეა! - მიპასუხა მან. - მომიტევე, რომ სიტყვა ''ხიბლი'' შემოგკადრე.
გონება ის ორგანოა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაზროვნებთ. გული არ აზროვნებს. გონება მიუძღვენით ღმერთს, გული კი თავისთავად აძგერდება სიხარულისგან, აჩუყდება.
ქრისტე რომ გულში შემოვიდეს, უნდა შევიყვაროთ, მაგრამ ჯერ მან უნდა შეგვიყვაროს, ჯერ მან შეგვიცნოს, შემდეგ შევიცნობთ ჩვენ და ამის მერე გადმოგვხედავს.

თუ კი ჩვენ პირველები ვთხოვთ მას, შეგვიყვაროს, მისი ღირსნი უნდა ვიყოთ. ღირსნი რომ გავხდეთ, უნდა მოვემზადოთ. პირველ რიგში უკუვაგდოთ ანგარება. ლოცვა სრულიად უანგარო უნდა იყოს. დე, ყველაფერი საიდუმლოდ მოხდეს! არ იფიქროთ, რომ თუ თქვენ მოახდენთ გონების სრულ კონცენტრაციას, მოვა მადლი თქვენს გულში და ის დაუყონებლივ სიხარულით აივსება. ნუ ილოცებთ ასეთი გაანგარიშებით, არამედ ილოცეთ უბრალოდ და სრული თვინიერებით. დე, ყველაფერი ღვთის სადიდებლად იყოს! მე ხომ მოგიყვანეთ ბულბულის მაგალითი? ის გალობს, მას კი არავინ ხედავს. თქვენც მასავით იყავით - უანგარონი. მიუძღვენით თქვენი თავი ღვთის სამსახურს დაფარულად. მაგრამ იყავით ყურადღებით, როგორც ადრე გითხარით დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა.'' (მთ. 6.3), ანუ ჩვენმა ბოროტმა ''მე-მ'' არაფერი იცოდეს ამაზე, რათა არ შეშურდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ სატანას საშინელი შურის გრძნობა აქვს.
მომზადება კი ღვთის მცნებათა დაცვას ნიშნავს. განაგდეთ თქვენგან ვნებანი, სხვისი განკითხვა, რისხვა და სხვა მანკიერებანი. განაგდეთ ბოროტება რბილად, ანუ - ნუ დასცხებთ ერთი დაკვრით, ნელ-ნელა მოიძულეთ ის და მერე მიმართეთ უფალს სიყვარულით. ჩაუღრმავდით საეკლესიო გალობას, წმიდანთა ტროპარებსა და კონდაკებს, მუდამ იკითხეთ ფსალმუნი, ჩაუღრმავდით წმიდა წერილს და წმიდა მამათა ნაშრომებს. ასე ნელ-ნელა თქვენი სული თვინიერი გახდება, განიწმიდება, ღმერთში გაერთიანდება და ღვთის ნების აღსაქმელად მოემზადება. თქვენთან მადლი თანდათანობით მოვა. თქვენ დაგეუფლებათ სულიერი სიხარული. დაიწყებთ მშვიდ ცხოვრებას და მაშინ ღვთის მადლით სულიერად განმტკიცდებით. მეტი აღარ განრისხდებით, არ მოგეშლებათ ნერვები, არ განაწყენდებით, არც არავის განიკითხავთ, არამედ ყველას სიყვარულით აღიქვამთ. თქვენ გექნებათ ის, რაზეც მოციქული პავლე წერს: “სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.” (1 კორ. 13, 4-8).
ლოცვა სულს წმენდს და გონებას ანათებს. ყველაზე სრულყოფილი საქმე ხორციელდება ადამიანის სულის წმიდათა წმიდა კუნჭულში, რომელიც ჰერმეტულად დახურულია და რომლის შესახებ მხოლოდ უფალმა უწყის. ასე ვხდებით ჩვენ რაღაც გრანდიოზულის მოწმე: ადამიანები ღვთის შვილები ხდებიან მაშინაც კი, როცა დაცემულობის უფსკრულში იმყოფებოდნენ. და მეც, საწყალი, ასევე მთელი ძალისხმევით ვცდილობ იგივეს. მე არ ვლოცულობ სხვების დასანახად, არამედ დაფარულად აღვავლენ ლოცვას! მხოლოდ ასე მოდის ღვთის მადლი და ის გვაცისკროვნებს, გვახალისებს ჩვენ.
ღვთის მადლი ეღირსოს ყოველს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ, ვჭამთ, ვსაუბრობთ, ვლოცულობთ და უბრალოებით ვურთიერთობთ. გესმით? მხოლოდ ''სქელტყავიანი'' ადამიანი, რომელსაც ლოცვის დროს გული არ აუჩუყდა, რჩება მადლის გარეშე.
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ილოცეთ, რომ უფალმა გაგიხსნათ დაფარული! უთხარით ქრისტეს: ''რაც შენ გინდა, უფალო, რაც შენს სიყვარულს უნდა!“ მხოლოდ გქონდეთ მისი სასოება და ის დაგაკვალიანებთ თქვენ!
წმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი
ლოცვის შესახებ (ნაწ. მეხუთე)
მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი
მასალის გამოყენების პირობები






