მოძრაობა ,,დაბრუნება“ ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრს“ განცხადებით პასუხობს
საზოგადოება - 18:47, 20 Jul, 2014     2133
,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ მოძრაობა ,,დაბრუნების" განცხადების ტექსტს:

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2014 წლის 26 ივნისს მომხდარ ინცინდენტთან (http://1tv.ge/news-view/71588) დაკავშირებით 2014 წლის 4 ივლისს გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა გახლდათ საქართველოს მთავარმა პროკურატურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ და მამუკა არეშიძის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესაწავლა და სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 26.3 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე (http://newposts.ge/?l=G&id=44081-მოძრაობა%2C+დაბრუნება; http://iveria.biz/602-mozraobadabrunebis-gancxadeba.html).

ამ განცხადების საპასუხოდ 2014 წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის სპეციალური განცხადება, სადაც ამ ორგანიზაციამ მოითხოვა დაუყოვნებლივ გამოგვექვეყნებინა შესაბამისი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ორგანიზაციას ანტისახლემწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციულ საქმიანობაში ვადანაშაულებთ, ხოლო ასეთის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა და განცხადების დეზავუირება მოგვთხოვა. თანაც, დაგვემუქრა რეაგირებით კანონით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით ,,ღირსების შემლახავ, საქმიანობის შემაბრკოლებელ, შეურაცმყოფელ განცხადებებზე“ (http://news.ge/ge/news/story/96495-konfliqtebis-da-molaparakebebis-saertashoriso-kvleviti-tsentri-modzraoba dabrunebisgan-bodishis-mokhdas-itkhovs).

2014 წლის 7 ივლისს საპასუხოდ გავავრცელეთ განცხადება, სადაც აღვნიშნეთ, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ითხოვენ თვით ამ განცხადებაშია და დავპირდით სპეციალური განცხადების გამოქვეყნებას მათი განცხადების პასუხად სხვა საფუძვლების მითითებითაც. ხოლო რაც შეეხება ბოდიშს, რომელსაც მოითხოვდნენ ჩვენგან სამშობლოს დაცვისათვის, კატეგორიულად აღვნიშნეთ, რომ ეს არ იქნება და გავაგრძელებთ ბრძოლას ,,შადიმანობის“, როგორც მოვლენის, წინააღმდეგ და ეს ბრძოლა მათაც შეეხებათ მანამ, სანამ თავად არ მოუხდიან ბოდიშს საზოგადოებას კაპიტულანტების მფარველობისა და წახალისებისათვის (http://newposts.ge/?l=G&id=44706-დაბრუნება%2C+განცხადება;

http://news.ge/ge/news/story/97179-mamuka-areshidzes-tavisi-organizatsia-aefara-bodishis-mokhda-da-gantskhadebis-dezavuireba-mogvtkhova).

ამჯერად, ვუსრულებთ ,,ცენტრს“ დანაპირებს და ვფიქრობთ, გულისყურით მოეკიდებიან ჩვენს მოსაზრებებს.

იმთავითვე აღვნიშნავთ, რომ არაფერს გვეუბნება ამ ორგანიზაციის სახელწოდება და არც მათი მითითება იმის თაობაზე, რომ 20-წლიანი ისტორია აქვთ. ჩვენი ორგანიზაცია 15 წლისაა, მასში გაერთიანებული იყვნენ და არიან ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მათ შორის ისინი, ვინც ათეულობით წელია მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში როგორც აფხაზეთში, ისე დევნილობის პერიოდში. თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი ,,ცენტრის“ შესახებ არ გაგვიგია, მის საქმიანობას ჩვენს სფეროზე რაიმე ხელშესახები გავლენა არ მოუხდენია და კიდევ კარგი!

სულ ტყუილად ირჯებიან ორგანიზაციის დირექტორი (ქ-ნი ნინო ციხისთავი-ხუციშვილი) და აღმასრულებელი დირექტორი (ქ-ნი მაია კაციტაძე), რომლებსაც ჩვენ ასევე არ ვიცნობთ არც პირადად და არც მოღვაწეობით, იმდაგვარად წარმოგვიდგინონ საქმე, რომ მამუკა არეშიძე ამ კონფერენციაზე ორგანიზაციას არ წარმოადგენდა. არც იმაზე მითითებაა საკმარისი, რომ ამ სუბიექტს რაიმე ადმინისტრაციული თანამდებობა ორგანიზაციაში არ გაააჩნია. ის შეიძლება იყოს ორგანიზაციის არჩევით პოზიციაზე, მისი წევრი ან თუნდაც არაწევრი მაგრამ მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდეს. ეს ელემენტარული იურიდიული საკითხია.

ამასთან, ხსენებული კონფერენციის ოფიცილურ დღის წესრიგში, რომლის ელექტრონული ვერსიაც წინასწარ გავრცელდა და კონფერენციაზე დახვდათ დაბეჭდილი სახით მონაწილეეებს, მამუკა არეშიძის გასწვრივ მითითებულია სწორედ ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“. ამდენად, აქ პრობლემა ,,ცენტრს“ ჩვენთან არა აქვს. თუ რაიმე არის სადავო, ეს თავად მ. არეშიძეს მოკითხონ, ან კონფერენციის ორგანიზატორებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ორგანიზატორებიც ჰაერიდან არაფერს მოიტანდნენ - ან თავად არეშიძე წარუდგა მათ ამ სტატუსში, ან კიდევ მოწვევისას თვით ორგანიზაციამ დაუსახელა ეს პირი. ამ თვალსაზრისით, რაიმე შეცდომას გამოვრიცხავთ, მით უფრო, რომ როგორც შემდგომ ორგანიზატორებისაგან გავიგეთ, მათ კონფერენციის მონაწილეების შერჩევაში აფხაზეთის მთავრობა ეხმარებოდა და ეს უკანასკნელი აფრთხილებდა მათ და მედიას.

ჩვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ძველი კრემლოიდისა და კაპიტულანტის უკან ან გვერდით სწორედ ,,ცენტრი“ დგას, ამყარებს მათი განცხადების შინაარსი, ტონი, სრულიად უაპელაციო მიკერძოებულობა და ფაქტიურად ადვოკატირება, მამუკა არეშიძის ,,მოღვაწეობის“ აღმატებული შეფასება, ზოგადად დამოკიდებულება ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი.

უპირველეს ყოვლის უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულზე მითითება და მისი შესწავლისათვის სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა კონფიდენციალურად თუ საჯაროდ ნებისმიერი პირის უფლება და ვალდებულებაცაა მოქმედი კანონმდებლობით. თანაც, გამოხატვის თავისუფლების ყველაზე ვიწრო გაგებაშიც კი შესანიშნავად თავსდება. ეს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს მყარი სტანდარტია, სიტყვის თავისუფლების სხვა სტანდარტებზე რომც არ ვილაპარაკოთ, რაც კარგად უნდა ესმოდეს ორგანიზაციას, რომელიც პრეტენზიას აცხადებს უფლებადაცვით საქმიანობაზე და არსებობის ასეთი ხანგრძლივი ისტორია აქვს.

გარდა ამისა, ასეთ ორგანიზაციას, აგრეთვე, კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული ცნება ,,ექსპერტის“ მნიშვნელობა. ექსპერტი არის რაიმე დარგში სპეციალური ცოდნის, შესაბამის განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირი, პროფესიონალი, რაც დასტურდება შესაბამის დიპლომით, ლიცენზიით, სერტიფიკატით თუ სხვა საბუთით.

მამუკა არეშიძე თავს თვლის ექსპერტად კავკასიის საკითხებში, ისევე როგორც ,,ცენტრი“. განათლებითა და სპეციალობით კი ის გახლავთ თეატრალური რეჟისორი. სხვა რაიმე ცნობა მის განსწავლულობაზე, თანაც კავკასიის საკითხებში, ოფიციალურად და ლეგალურად არსად არ მოიპოვება. ,,ცენტრს“ ამ თვალსაზრისით მოუწევს საკუთარი ცნობის დასაბუთება კონკრეტული დოკუმენტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ატყუებს საზოგადოებას, ცრუპენტელობს და მფარველობს თვიმარქვიას.

როგორ ჩანს, ღირსებაზეც ჩვენ ,,ცენტრთან“ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თორემ პატივცემული და ღირსეული ორგანიზაცია უპირველესად აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ხსენებულ კონფერენციაზე მისი წევრის თუ კანდიდატის აღვირახსნილ მოქმედებებზე, რომლებიც გასული საუკუნის გულაგისდროინდელი ,,ნადზორის“ ქცევას უფრო ჰგავდა, ვიდრე ,,ანგარიშგასაწევი ექსპერტისა“, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ის დევნილებს ქალაქიდან (!) გასახლებას დაგვპირდა. ,,ცენტრი“ არ იამაყებდა მასთან თანამშრომლობით და თავად მას მოსთხოვდა ბოდიშის მოხდას. რა თქმა უნდა, პატივცემული ქალბატონები ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებული არიან. თუმცა, როგორც ჩანს ვერ გაუბედეს, რადგან, ჩვენი აზრით, მამუკა არეშიძე ამ ორგანიზაციას რეალურად ხელმძღვანელობს. შესაძლოა, ,,ცენტრის“ განცხადებაც მის მიერ არის ნაკარნახევი, ხოლო დასახელებული ხელმძღვანელები ადვოკატირებასთან ერთად მისი ნოტარიუსის ფუნქციასაც ასრულებენ.

ყველაზე მძიმე ეპიზოდი ,,ცენტრის“ განცხადებაში გახლავთ ის, რომ ორგანიზაცია მამუკა არეშიძეს მიიჩნევს სანდო და მაღალკვალიფიციურ ექსპერტად, თანამშრომლობს მასთან და ამაყობს ამ თანამშრომლობით. ფაქტიურად, ორგანიზაცია პასუხისმგებლობას იღებს არეშიძის ,,მოღვაწეობაზე“, მხარს უჭერს მის მკრეხელურ განცხადებებს, იზიარებს მათ და ხდება მისი კაპიტულანტური და კოლაბორაციციონისტული საქმიანობის თანამონაწილე, სხვა რომ არაფერი იყოს. ამით კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ ამ ორგანიზაციის საქმიამობის შესწავლის მოთხოვნით.

მაგრამ არსებობს სხვა ფაქტებიც.

2008 წლის აგრესიისა და ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მოახდინა მთელი თავისი პოლიტიკური თუ დიპლომატიური რესურსის მობილიზაცია იმისაკენ, რომ მომხდარიყო ოსების გენოციდის მოტივით (გვახსოვს, ალბათ, კრემლის ინსინუაციები 2000 მშვიდობიანი მოსახლის გენოციდის შესახებ გეორგიევის ორკესტრის თანხლებით), მსოფლიოს მიერ აფხაზეთისას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად ცნობა და ამით მინიმუმ კოსოვოს პრეცენდენდტების შექმნა საქართველოში. მას ეს არ გამოუვიდა. ერთი-ორი მარგინალური სახლმწიფოს გარდა, რუსეთს არავინ აჰყვა ამ ავანტურაში და ეს გეგმა ჩავარდა. დარწმუნდა რა ამაში, მოსკოვმა შეცვალა აქცენტი და გადაწყვიტა საქართველოზე და ქართველ ხალხზე ზემოქმედება ფსიქოლოგიური თუ სხვა საშუალებებით ცნობილი ,,რბილი ძალის“ პოლიტიკის კონტექსტში, ანუ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე ზეწოლა, რათა ჩვენ თვითონ გვეღიარებინა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობა და ჩვენივე ხელით მოგვეხდინა აგრესიისა და ოკუპაციის ლეგალიზაცია, რასაც მოჰყვებოდა მათი შემდგომი ანექსია. ასეთ ვითარებაში, ვერავინ მსოფლიოში ხმას ვერ ამოიღებდა და რუსეთის ყაჩაღობასაც ცივილიზებული საბურველი მიეცემოდა.

2010 წელს კრემლმა მასთან დაახლოებული პირის და ორგანიზაციის, დასავლეთში ცნობილი, ხელოვნურად გაპიარებული ასეთივე ,,ექპერტის“ -მოსკოვის ,,კარნეგი ცენტრის“ დირექტორის დიმიტრი ტრენინის ხელით გააჟღერა ეს გეგმა ორგვერდიან ინგლისურენოვან, ხოლო შემდეგ რუსულენოვან სტატიაში ,,How to Make Peace With Georgia" - ,,Как помириться с Грузией“ (,,როგორ შევურიგდეთ საქართველოს“, http://www.themoscowtimes.com/ opinion/article/how-to-make-peace-with-georgia/411927. html, http://carnegie.ru/2010/08/10/ как-помириться-с-грузией/cuoa.

საინტრესოა დიმიტრი ტრენინის ბიოგრაფიაც. არის პროფესიონალი სამხედრო განათლებითა და საქმიანობით. ასევე, მზვერავიც. 17 წლის ასაკიდან 21 წელი იმსახურა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მის დაშლამდე. მათ შორის, 5 წელი (1978-1983) გერმანიაში სსრკ საოკუპაციო ჯარების საგარეო ურთიერთობათა განყოფილების კავშირგაბმულობის ოფიცრად და 6 წელი (1985-1993) ბირთვული და კოსმოსური შეიარაღების შესახებ სსრკ-აშშ-ს მოლაპარაკებებზე სსრკ-ს წარმომადგენლად. შემდგომ ის გაამწესეს არასამთავრობო სექტორში ფორმით დასავლური და შინაარსით რუსულ-ჩეკისტური საქმეების საკეთებლად.

სტატია ინტერნეტში ბევრგან არის ხელმისაწვდომი და მას მხოლოდ ფრაგმენტულად შევეხებით. ტრეინინი ანუ კრემლი, ქართველებზე ზრუნვის საფუძვლით, გვთავაზობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას, რუსეთის ჯარის გაყვანით და საერთაშორისო კონტროლის მექანიზმებით გალის რაიონის სანცვლოდ, ხოლო ცხინვალის რეგიონში კონდომინიუმს - ორმაგ დაქვემდებარებაში მყოფ სუბიექტს ფორმალური სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკით (ფული, საფოსტო მარკა, დროშა და სხვ.), ერთგვარ ანდორას. ასეთ ანდორა-სამხრეთ ოსეთში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყოფნა ქართული მოსახლეობის დასაცავად. რუსეთის ჯარი გავა, მაგრამ მას ექნება შემობრუნების ექსკლუზიური უფლება

ოსური მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. აგრეთვე, იქნება ერთობლივი პოლიციური ძალები წესრიგის უზრუნველსაყოფად.

ტრეინინის აზრით, ამ გეგმის ამოქმედება შეუძლებელი იყო იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლების პირობებში და უნდა მომხდარიყო მისი შეცვლის შემდეგ. რუსეთს უნდა გამოეყენებინა ,,რბილი ძალა“ და ჯერ ქართველების გული უნდა მოეგო: გაეხსნა ავიახაზები, გაემარტივებინა სავიზო პროცედურები, რუსულ ბაზარზე შეეშვა ქართული ღვინო, წაეხალისებინა კონტაქტები ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც უნდა გასცდენოდა კრემლის სტუმრების ვიწრო წრის ფარგლებს. ამის შემდეგ კი უნდა დაწყებულიყო არაფორმალური დისკუსიები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი ფორმულით.

ამ გეგმის ნაწილი აფხაზეთთან დაკავშირებით 2011 წელს ,,ექსპერტმა“ არეშიძემ პირველად გააჟღერა საქართველოში. მეტი ვერ გაბედა, თუმცა ცხინვალთან მიმართებით აღნიშნა, მისი სტატუსი განსხვავებულად უნდა გადაწყდესო. მაშინ არეშიძეს მხარი მხოლოდ პრეზიდენტყოფილმა შევარდნაძემ დაუჭირა და ისინი მალევე დადუმდნენ ქართული საზოგადოების მძაფრი რეაქციის გამო. გეგმის მეორე ნაწილს ახორციელებს საქართველოს დღევანდელი კაპიტულანტური ხელისუფლება აბაშიძე-კარასინის და სხვა ფორმატებში, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პოლიტიკას უწოდებს. ხოლო მესამე ნაწილს (არაფორმალური დისკუსიები)-არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით ან მფარველობით მოქმედი კოლაბორაციონისტული ჯგუფები. როგორც ჩანს, ამ რუსულ ფრონტზე საკვანძო ადგილი და ჰიპერაქტიურობა დაევალა ,,ექსპერტ“ არეშიძეს. გარდა ამისა, ამ საქმეებში, როგორც ადრე, აქტიურად არის ჩაბმული უძველესი კრემლოიდური გაერთიანება-რესპუბლიკური სექტა პააპა ზაქარეიშვილისა და ივლიანე ხაინდრავას სახით.

2014 წლის 12 ივლისს მამუკა არეშიძემ ისევ გაიმეორა პრესაში თავისი ადრინდელი განცხადება (http://www.ttimes.ge/archives/21418), ხოლო უკვე 26 ივნისს აფხაზეთის მთავრობასთან ერთად დევნილი ორგანიზაციების მონაწილეობით აწყობდა პროპაგანდისტულ შოუს ეროვნულ ბიბლიოთეკაში-პირველ ღია, გამომწვევ და სათანოდ გაპიარებულ რუსულ აქცია-დისკუსიას აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ სადისკუსიო სივრცეში თემის დამაგრების, ლეგალიზაციის და შემდგომი აგორების მიზნით. მოძრაობა ,,დაბრუნება“ ამ შეკრებაზე არავის მოუწვევია. მოგვიანებით მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა პირად საუბარში ეს გარემოება იმით ახსნა, რომ მოწვევებს ახორციელებდა აფხაზეთის მთავრობის აპარატი. ჩვენ სრულიად შემთხვევით, წინადღით გავიგეთ ამის შესახებ, საკუთარი ინიციატივით მივედით კონფერენციაზე და ჩვენი რეაქციაც სრულიად ერთმნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო.

ზემოთ მითითებულ ორგანიზაციათა შორის ჩვენ განვიხილავთ ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრს“ არა მხოლოდ მამუკა არეშიძის გულმხურვალე მხარდაჭერის გამო. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ორგანიზაცია გარკვეული პერიოდია ახორციელებს რუსულ-ქართული დიალოგის პროექტს, ხმამაღალი სახელწოდებით ,,სტამბულის პროცესი“. მათი მტკიცებით, შვეიცარიისა თუ ბელგიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის შესახებ საკმაო ინფორმაციაა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, სადაც ვკითხულობთ რომ გასული წლის ბოლოს ამ პროექტში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელსაც უკავშირებენ მასში ახალი პარტნიორის - რუსეთის ,,საერთაშორისო საქმეთა საბჭო“ შემოყვანას, რომელთან ერთადაც მოეწყო ორი შეხვედრა-დისკუსია, გასულ წელს თბილისში, ხოლო სულ ახლახანს მოსკოვში. თბილისში მოხდა რუსული მხარის მოხსენებების პრეზენტაცია, ხოლო მოსკოვში დისკუსიის შედეგად გადაწყდა ერთობლივი ნაშრომის-,,სამუშაო რვეულის“ გამოცემა.

,,რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭო“ დაფუძნებულია 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით (http://graph.document.kremlin.ru/page.aspx?1050072). მის დამფუძნებლებად ითვლებიან რუსეთის საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროები, მეცნიერებათა აკადემია, მეწარმეთა კავშირი, პუტინის რუპორი-,,ინტერფაქსი“ და ანგარიშვალდებულია კრემლის წინაშე. ,,საბჭო“ ფინანსდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი წლიური ოფიციალური ბიუჯეტი შეადგენს 100 მლნ. რუბლს. ,,საბჭოს“ ბიუჯეტს ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ორგანიზაციის პრეზიდენტია რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, მის პრეზიდიუმის წევრებია: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეშკოვი და პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი პესკოვი, ალფა ბანკის დირექტორი ავენი, ხოლო ინდივიდუალური წევრი-დღევანდელი საგარეო მინისტრი ლავრივი. არ არის საიდუმლო, რომ ეს ვითომ არასამთავრობო, სინამდვილეში კი მკაცრად სამთავრობო ორგანიზაცია შექმნილია ,,რბილი ძალის“ პოლიტიკის ფარგლებში პოსტსაბჭოურ სივრცეში რუსული იმპერიული პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და პროპაგანდა-აგიტაციისათვის, საზოგადოებებისა და ელიტების ტესტირების, მათზე ზემოქმედების, მათ წარმომადგენელთა გადაბირების და გავლენის აგენტებად ქცევის თუ მათზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით. ეს რუსეთის სახელმწიფოს და სპეცსამსახურებისათვის საკმაოდ ცნობილი, ლეგალური საქმიანობის მრავალწლიანი აპრობირებული მეთოდია და ამაზე დიდძალი ლიტერატურა არსებობს, მათ შორის სერიოზული, მართლაც საექპერტო შეფასებების სახით. არც ერთ ნაბიჯს ეს საბჭო პუტინთან შეუთანხმებლად, მისი მოწონების გარეშე არ დგამს და არც გადადგამს.

რუს ,,ექპერტებად“ ამ ეტაპზე გვევლინებიან კიდევ ერთი ღრმად ჩეკისტური, რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ისტორიულად მკაცრად კონტროლირებადი სტრუქტურის-რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის მოქმედი მეცნიერ-თანამშრომლები (გავიხსენოთ, სულ ახლახან, როგორ დაითხოვეს ამ უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრიდან პროფესორი ანდრეი ზუბოვი, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა პროტესტი ყირიმის ანექსიის გამო და რაც მას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისაგან ,,ამორალური საქციელად“ შეერაცხა). ამ ახალ პროექტში ,,ცენტრის“ ეგიდით აქტიურად მონაწილეობს ,,ექსპერტი“ არეშიძეც.

რა არის ეს, თუ არა კოლაბორაციონიზმი მტერთან? ეს კოლაბორაციონიზმზე უფრო მეტია! ეს არის პირდაპირი თანამშრომლობა მტრის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და სპეცსამსახურებთან მისი ინტერესების სასარგებლოდ და შესაბამისად, ჩვენი სამშობლოს ინტერესების საზიანოდ.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრს, თუ ის რეალურად იზიარებს დასავლურ ღირებულებებს და დასავლური მიმართულების ორგანიზაციაა, შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა კაცობრიობის მტერთან-რუსეთის ხელისუფლებასთან, ყველაზე სისხლიან და კაცთმოძულე დიქტატორთან პუტინთან და მათ ერთ-ერთ სტრუქტურასთან ,,რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოსთან“ ან სხვა ასეთ ორგანიზაციასთან; მკვეთად გაემიჯნოს ,,ექსპერტ“ არეშიძისა და სხვა მისთანებთან საქმიანობას, ქმედითად მოინანიოს თავისი პრორუსული საქმეები და კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს:

საქართველოს კონსტუტიციის 26-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საქმიანობა, რომელიც მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია: საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე (მუხლი 308); უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე (მუხლი 309); უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე (მუხლი 319).

მოძრაობა ,,დაბრუნება“ შემდგომშიც გააგრძელებს კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების მხილებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას ყველა კანონიერი საშუალებით.

არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!

მოძრაობა ,,დაბრუნება






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42