უჩა ნანუაშვილის თქმით, მისი წარმომადგენელი დროებითი მოთავსების იზოლატორში არ შეუშვეს, რაც, მისივე განმარტებით, კანონდარღვევაა.
„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელსაც ითვალისწინებს წამების საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატიური ოქმი“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.
"11 ივლისს, 22.00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი მივიდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოქალაქე მ.ი.-ს ოჯახის წევრთა ცნობით, მისი მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობდა. ახალქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის თემურ სხირტლაძის განცხადებით, მოქალაქე მ.ი. იმ დროისათვის უკვე აღარ იმყოფებოდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში; იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ახალციხის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა, ახალციხის პოლიციის განყოფილების ინფორმაციით, მსგავსი სახელით ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში არავინ იმყოფებოდა.
არმენ მარანგოზიანი დაბრუნდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში და შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაშვება მოითხოვა. პოლიციის მორიგე თანამშრომელმა არტუშ ჰარუთინიანმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს დმი-ში შესვლაზე უარი განუცხადა და პოლიციის ტერიტორიის დატოვებაც მოსთხოვა", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






