,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიმართვის ტექსტს.
,,საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
აღმასრულებელ ხელისუფლებაში თქვენი პოლიტიკური ძალის მოსვლას დიდი იმედით შეხვდა საქართველოს საზოგადოება და მათ შორის პედაგოგები. ამ დრომდე ჩვენ ვითვალისწინებდით გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებლ სიძნელეს და გამოვხატავდით მხარდაჭერას ახალი ხელისუფლებისადმი, მაგრამ უკვე საკმარისი დრო გავიდა საიმისოდ, რომ გადადგათ ქმედითი ნაბიჯი პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
უპირველეს პრობლემად კვლავ რჩება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი. საერთოდ შესაცვლელი ან გადასახედია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საბჭოური ეპოქიდან შემორჩენილი სისტემა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 576-ე ბრძანება.)
ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას, მაგრამ თითქმის სრულიად მიუღებელია შემოთავაზებული მოდელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომლის ამოქმედების შემთხვევაში იმდენად გაიზრდება როგორც ცალკეული მასწავლებლის ისე მთელი სკოლის ვალდებულებითი ტვირთი, რომ შეუძლებელი გახდება მისთვის თავის გართმევა. პედაგოგებისთვის დამამცირებლად მიგვაჩნია ხსენებული სქემის ამოქმედებამდე პედაგოგების დატოვება ამჟამად არსებულ სახელფასო ანაზღაურებაზე. დიდ პატივს ვცემთ ყველა საქმიან ადამიანს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ალბათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მასწავლებელზე ბევრად დიდი შრომითი ანაზღაურება აქვთ მძღოლებს, მეეზოვეებს, შვეიცარებს, მშენებლებს და ა.შ.
ჩვენ ვეღარ შევეგუებით მორიგ რეპრესიებს, დამცირებას, ჩვენ პრესტიჟზე მიტანილ იერიშებს; ჩვენ ვეღარ შევძლებთ უსასრულოდ გავაგრძელოთ მუშაობა ენთუზიამით და საარსებო საშუალების გარეშე. უკვე შესამჩნევია სკოლიდან პედაგოგთა გადინების პროცესი და ეს ხდება სწორედ დაბალი ხელფასების გამო. თუ არ გამოსწორდება ჩვენი სოციალური მდგომარეობა, მაშინ გარადუვალი იქნება დაწყებული საგანმანათლებლო კრიზისის გადაზრდა კატასტროფაში.
ამ მიმართვაში საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მდგომარეობა მხოლოდ ზოგადად არის დახასიათებული, სინამდვილეში კი ის უფრო საგანგაშოა, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითხოვთ: 2014 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების თვიური საბაზო ხელფასი განისაზღვროს 1200 ლარით, ხოლო შემდეგ თვეებში ეტაპობრივად გაიზარდოს საბაზრო ფასების ინდექსაციის შესაბამისად; პედაგოგთა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით ვიფიქროთ საპროტესტო აქტივობაზე.
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი იმედოვნებს, რომ მთავრობა გულისხმიერებით მოეკიდება ჩვენ კანონიერ თხოვნას და უმოკლეს ვადაში მოახდენს მასზე სათანადო რეაგირებას, ამავდროულად გამოვხატავთ მზადყოფნას აღნიშნულ და სხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად ან შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ ფორმატში“, - ნათქვამია პედაგოგების მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






