„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის მიმართვას თამარ ჩერგოლეიშვილისადმი, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„სასაცილო პოსტი გამომიგზავნეს - როგორც ჩანს, ვინმე გეგეჭკორისთვის დაუვალებია ღარიბაშვილს ჩემთვის პასუხის გაცემა.
პრემიერ-მინისტრო,
1. მესმის რომ თქვენი პატრონი, ბატონი ბიძინა, საბჭოთა დროს დაიბადა და კრემლის სიახლოვეს გაიზარდა, შესაბამისად თქვენც, პარტნიორობა არ გესმით და მხოლოდ ბატონ-ყმობას ცნობთ ურთიერთობის ერთადერთ შესაძლო ფორმად, მაგრამ განგიმარტავთ, რომ შეერთებული შტატები არ არის რუსეთი, არც თეთრი სახლია კრემლი, არც სახელმწიფო დეპარტამენტი არის სმოლენსკაია-სენნაიაზე მდებარე შენობა.
შესაბამისად, ტყუილად ცდილობთ შეერთებული შტატების დისკუსიისგან "დაცვას" - მათთან ეს "მოსულა". უფრო მეტიც - უსიტყვო მორჩილება არ "მოსულა".
2. არ მიკვირს, რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგაქვთ. სადაც სახელმწიფო მინისტრს ავუხსენი "ხბოს აღტაცება" რას ნიშნავს, იქაც თქვენ აგიხსნით, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია თქვენი მთავრობის მოქმედებების შესაფასებლად მივიჩნიე ადეკვატურ ორგანოდ.
მიმაჩნია, რომ ის რაც 3 ივლისს თქვენმა მთავრობამ ჩაიდინა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის შეფასებას იმსახურებს, დიპლომატის კვალიფიკაცია ამას არ ეყოფა.
ვწუხვარ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ, მაგრამ ამერიკის ელჩის ზურგს უკან ამოფარება, ვერ დაგეხმარებათ ამ გრძნობის გაქარვებაში.
3. არაკვალიფიციურ ბავშვებს ნუ ავალებთ ჩემს პოსტებზე პასუხის გაცემას, თუ უფრო მაღალი კვალიფიკაციის არავინ გყავთ გარშემო, უბრალოდ გაჩუმდით. ხანდახან დუმილი ოქროა.
P.S. ვინმე გეგეჭკორი რომ მთავრობის სპიკერი ყოფილა, ცალკე საკითხია”, - წერს ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






