,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა იმ საარჩევნო უბნების სია, სადაც ბათილი ბიულეტენების საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ორგანიზაციამ ცესკოს რეკომენდაციით მიმართა გადაეთვალა 66 საარჩევნო უბნის 109 შედეგების შემაჯამებელ ოქმის შედეგები, სადაც ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 15% ან მეტი შეადგინა (დანართის სახით იხილეთ აღნიშნული უბნების ჩამონათვალი)“, - აცხადებენ ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ მიერ შესწავლილ იქნა 66 საარჩევნო უბნის 109 შემაჯამებელი ოქმი და ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობის მიზეზად რამდენიმე გარემოება დასახელდა, მათ შორის, ცესკოს ინფორმაციით, 63 საარჩევნო უბნის შემთხვევაში უმეტესწილად ამომრჩევლებმა შემოხაზეს ერთზე მეტი კანდიდატი, ან გადახაზეს ყველა კანდიდატი. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენით და დანარჩენი ორი ცარიელი დატოვეს.
,,სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული მიზეზების შესწავლა, კერძოდ, მოხდა თუ არა ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლა, თუ ცესკო საკითხის შესწავლის დროს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზეპირ ახსნა-განმატებას დაეყრდნო. მიუხედავად ჩვენი რეკომენდაციისა, „სამართლიანი არჩევნები“ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ იყვნენ მიწვეულნი ფაქტების გამოკვლევისა და შესწავლის პროცესზე მონიტორინგის განსახორციელებლად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






