ვერ გვიშველის ვერცერთი მთავრობა, რადგან პრობლემა ჩვენშია. უნდა მოვეშვეთ პრობლემების განზოგადებას და საზოგადოებამ ერთობლივად მოვთხოვოთ მთავრობას კონკრეტულ საკითხზე პასუხი. ვისწავლოთ პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირება, რომ დამთავრდეს ერთმანეთის დადანაშაულება.
ძვირდება ბენზინი, გაზრდილია კრიმინალი, რუსის ჯარი დღითი-დღე მოიწევს დედაქალაქისკენ და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ამ ყველაფერზე მე მჭირდება პასუხისმგებლობა! არც მე და არც არავის არ ჭირდება შსს. მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ „მაგდენი არ იცის“. ჩვენც კი ვიცით უკვე თვეებია, რომ მან არ იცის როგორ უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება, მაგრამ თურმე ჭიკაიძემ ისიც არ იცის მისი უფროსი რას ავალებს. ამიტომ გადავჭრათ პრობლემა და მოვითხოვოთ ახალი მინისტრი! ნუ მივცემთ მთავრობას უფლებას, რომ შეგვაჩვიოს კრიმინალს, ძარცვას, განუკითხაობას და არ გახადოს ეს ჩვენი ყოველდღიურობა. როდესაც ჭიკაიძე არაკომპეტენტურობისათვის აგებს პასუხს, მომავალი მინისტრი იქნება ეს, პროკურორი თუ ნებისმიერი ჩინოვნიკი, გაითვალისწინებს, რომ ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებას.
ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს უგულავას შემთხვევაშიც, თუ ჩვენ მოვთხოვთ პასუხს, იმ ადამიანებს, ვინც უბრალოდ გადააბიჯა სასამართლოს, რომელმაც არ შეუზღუდა უგულავას საზღვარგარეთ ვიზიტის უფლება, ეს იქნება იმის მაგალითი, რომ მოქალაქეები, ჩვენი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ვდგავართ სამართლის სადარაჯოზე, აი შემდეგ კი დაცულმა და თავისუფალმა სასამართლომ გადაწყვიტოს, აქვს თუ არა უგულავას ჩადენილი დანაშაული.
კი ბატონო, აღვადგინოთ სამართლიანობა, მაგრამ აუცილებელია გამოძიებულ იქნას ყველა დანაშაული, ოღონდ ყველა და არა მხოლოდ „ნაცის“ ან 2004 წლიდან.
რომელ აეროპორტში აკავებთ უგულავას, რომლიდანაც ქურდები შემოაპარეთ და დემონსტრაციულად შემოაბრძანეთ კიტოვანი? იქნებ ამ ქურდების ოჯახის წევრებთანაც კი აღნიშნავთ ახალაიას, მერაბიშვილის და უგულავას დაპატიმრებას რესტორნებში? და სანამ თქვენ ქურდებთან ქეიფობთ, ჭიკაიძემ კი არ იცის, ან ვერ გაუგია ქვეყანაში რა ხდება, გარეთ ხალხს ქურდავენ, ძარცვავენ, აყაჩაღებენ და მეტსაც გვიბედავენ, როდესაც უამრავი მკვლელობის მიზეზი და ყვეყნის დამაქცევარი, საჯაროდ ითხოვს „იარაღის ლეგალიზებას და მისი ბიჭებისთვის დარიგებას“. და საერთოდ რა დროს კიტოვანი, რემენა და ქურდებთან ქეიფია, როდესაც წლების შრომით მიღწეულ იქნა ასოცირების ხელმოწერა და რუსეთის სამართლებრივი დამარცხება.
მინდა მათ ვუთხრა, არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ საკუთრი უცოდინრობა, ქვეყნის წარმატება თუ გამოწვევები გადაფაროთ განათლებული ადამიანების მიმართ უსამართლო ანგარიშსწორებით, რომელთაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით მოსახლეობის კეთილდღეობისთვის შრომაში.
მთავრობის ნება, რომ ყოფილიყო, ასოცირებას ის ხელს არც მოაწერდა, ეს ამ ორ დღეში გაცხადდა. პოლიცია შევარდნაძის ომონად იქცა, რომელიც ადამიანებს იტაცებს, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დავკარგოთ ევროპული მომავალი. ეს შემთხვევითი არაა ეს კონკრეტული დავალების ნაწილია. ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებიც მტრობენ ქართულ სახელმწიფოს!
თუ ჩვენ კონკრეტულ პრობლემებზე პასუხს არ მოვთხოვთ მთავრობას, უკანონობას დემონსტრაციულად წინასაარჩევნო კამპანიისასაც დაგვპირდებიან, აი რა მოაქვს ხალხის სიჩუმეს. მოვითხოვოთ ყოველ კონკრეტულ პრობლემაზე პასუხი! გადაცემაში თუ გარეთ აქციაზე, უნდა დავდგეთ ერთად მოსახლეობის დასაცავად. უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხმა იშრომოს და იცხოვროს მშვიდ გარემოში. არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებამ ჩვენ თაობები დაგვაკარგინა!
მასალის გამოყენების პირობები






